ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს პასუხობს და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის იმედგაცრუება მხოლოდ გადაჭარბებული მოლოდინის ბრალია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონის ჩართულობით კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე მედიის კითხვებს ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკასთან ვიზიტისას უპასუხა. იქ მან თქვა, რომ დაეთანხმა უკრაინულ მხარეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები საერთო ევროპულ კონტექსტში განიხილონ. მისივე თქმით, არსებობს თანხმობა იმაზეც, რომ სამშვიდობო პროცესების ნაწილი კამერების გარეშე წარიმართოს.
ამასთან ვლადიმერ პუტინი რიტორიკას არ ცვლის და ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის მიზნები უცვლელია, რაც მეზობელი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის, ტერიტორიებზე პრეტენზიებს გულისხმობს. სწორედ ამ პრეტენზიების საფუძველზე წამოიწყო მოსკოვმა უკრაინაში ომი, რომელიც 3 წელზე მეტია გრძელდება.
„რაც შეეხება იმედგაცრუებას, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის გამოთქმული: ყველა იმედგაცრუებას გადაჭარბებული მოლოდინით ქმნის – ეს ყველასათვის ცნობილი წესია. იმისათვის რომ მიუახლოვდე საკითხის გადაჭრას მშვიდობიანი გზით, უნდა ისაუბრო არა საჯაროდ, არამედ მშვიდად, სიჩუმეში, სამშვიდობო პროცესის შესაბამისად და სწორედ ამ მიზეზით გავაკეთეთ შეთავაზება 3 ჯგუფის შექმნის თაობაზე.
მოლაპარაკებები ყოველთვის მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მშვიდობისკენ მისწრაფებას ეხება. პროცესს დადებითად ვაფასებ, როგორ შეიძლება ასე არ შეაფასო ის, რომ ასობით ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში – უკრაინასა და რუსეთში. საბოლოოდ უკრაინული მხარის რეაქციაც იყო პოზიტიური, შევთანხმდით, რომ შეგვიძლია გვქონდეს მოლაპარაკებები კამერების გარეშე, ყოველგვარი პოლიტიკური ძვრების გარეშე, მშვიდ რეჟიმში ვეძებოთ კომპრომისები. ჯერ ეს სამუშაო არ დაწყებულა, მაგრამ მოგვეჩვენა, რომ უკრაინის პირველი რეაქცია იყო დადებითი. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიძვრება.
ჩვენი პირობები და მიზნები კი უცვლელია, ის ჩამოყალიბებულია. მთავარია, რომ ამ კრიზისის მიზეზები აღმოვფხვრათ. უკრაინული დელეგაციის მხრიდან გაიჟღერა იმ იდეამაც, რომ ალბათ ექნებოდა აზრი უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოება საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში განგვეხილა. ვფიქრობთ, ეს სწორია და ვიზიარებთ ამას”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.