პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებული გლობალური გამოწვევების გამკლავების მხრივ საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.
პრემიერ-მინისტრმა კვლავ ახსენა ხელისუფლების მიერ, მისი თქმით, ძალადობრივი სცენარების აღკვეთა.
„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა შიდა თუ გარე ძალების მიერ დაგეგმილი არაერთი სცენარი, რომლებიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავდა მიზნად…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას წარმატებული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლოდროინდელმა მასშტაბურმა სპეცოპერაციებმა საზოგადოებას უწყების ეფექტურობა დაანახა.
„დღიდან დღემდე მსოფლიო უსაფრთხოების გარემო სულ უფრო დაძაბული და კომპლექსური ხდება. მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქნილობა, სრული მზადყოფნა და პროფესიონალიზმი კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებმა შეგვახსენა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაში განმსაზღვრელი არის არა ალტრუიზმი, არამედ ეროვნული ინტერესები, რაც ქვეყნებს შორის კომპრომისსა და თანამშრომლობას ართულებს…“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა, ასევე მიხეილ ყაველაშვილმა.