დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება.
21 ივლისს სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურორის დასკვნითი სიტყვა. ახლა ჯერი დაცვის მხარეზეა. დღევანდელ სხდომაზე ჟურნალისტის ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ, რის შემდეგად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა შესაძლოა განაჩენიც გამოაცხადოს.
პროცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციაა დაგეგმილი. მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რათა ჟურნალისტს მხარდაჭერა გამოუცხადონ და მისი გათავისუფლება მოითხოვონ.
ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი თითქმის შვიდი თვეა პატიმრობაშია. 14 ივლისის სხდომაზე, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას, მზია ამაღლობელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა. მას არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს. პროკურატურა ამ საქმეს დღემდე არ იძიებს.
მზია ამაღლობელი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ამასთან, მოგვიანებით საქმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ საუბარია 13 საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაშიც, რომელიც გუშინ გავრცელდა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტის დასკვნით პროცესამდე ერთი დღით ადრე, კიდევ ერთხელ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მზია ამაღლობელის მიერ დაფუძნებული მედიაორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება ზეწოლის კამპანიაა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. თუ ნინო სახელაშვილი მას დამნაშავედ ცნობს, ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.