უკრაინის პრეზიდენტი იწონებს აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად 10-12-დღიან ვადას აძლევს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა 28 ივლისს გააკეთა.
თავდაპირველად, 14 ივლისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთზე მკაცრ ტარიფებს დააწესებდა სექტემბრის დასაწყისში, თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, 50-დღიანი ვადა ახლა 12 დღემდე შემცირდება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისივე განმარტებით, მხოლოდ ძალის მეშვეობითაა შესაძლებელი რუსეთის შეჩერება და მშვიდობის დამყარება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ეს სიმართლეა: სწორედ რუსეთი აკეთებს ყველაფერს სამშვიდობო პროცესების ჩასახშობად და ამ ომის გასაჭიანურებლად. უტევენ ყოველ ღამე, რუსეთის უკრაინისთვის ზიანის მიყენებას მუდმივად ცდილობს. მართლაც, მშვიდობა შესაძლებელია, თუ ჩვენ მტკიცედ და გადამწყვეტად ვიმოქმედებთ და არაერთხელ განვაცხადებთ, რომ სანქციები საკვანძო ელემენტია. რუსეთი ითვალისწინებს სანქციებსა და ასეთ დანაკარგებს.
მშვიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობითაა შესაძლებელი. უკრაინა, როგორც ყოველთვის, მზადაა, ითანამშრომლოს ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან, რაც შეიძლება პროდუქტიულად, რათა ეს ომი ღირსეულად და ხანგრძლივი მშვიდობით დასრულდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
პარალელურად, მოსკოვი უკრაინაზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. გასულ ღამეს 300-ზე მეტი დრონით, ოთხი ფრთოსანი რაკეტითა და სამი ბალისტიკური რაკეტით რუსეთმა უკრაინული ქალაქები დაბომბა.