აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარყო, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა „რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი გახდეს.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამ მხრივ საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ კარიერული თვალსაზრისით ის კმაყოფილია იმ როლით, რაც მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ერგო.
„მსურს, ვაკეთო ეს საქმე მანამ, ვიდრე ამის ნებას პრეზიდენტი მომცემს”, – აღნიშნა მარკო რუბიომ FOX NEW-სთან საუბრისას.
„ვფიქრობ, ჯეი დი ვენსი იქნებოდა არაჩვეულებრივი კანდიდატი, თუ ამას მოისურვებს. ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში დიდ საქმეს აკეთებს, ახლო მეგობარია და ვიცი, რომ ადრეა, თუმცა იმედია, რომ ეს სურს. სახელმწიფო მდივნის როლში ნამდვილად არ ვგეგმავ საშინაო პოლიტიკაში ჩართვას, მეტიც ჩემთვის არსებობს წესები, რომლებიც ამას კრძალავს. მე მინდა ეს საქმე ვაკეთო მანამ, ვიდრე ამის ნებას პრეზიდენტი მომცემს, რომ დავრჩე იქ, სადაც ვარ 2028 წლის იანვრამდე.
გულწრფელად, არავინ იცის, რა იქნება მომავალში, არაფერი უნდა გამორიცხო, იმიტომ რომ ყველაფერი სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მჯერა, რომ თუ მე მექნება საშუალება დავრჩე პრეზიდენტის გვერდით მისი ვადის ამოწურვამდე და საქმეების კეთებას გავაგრძელებთ იმ ტემპში, როგორც გასული 6 თვეა ვაკეთებთ, უკან მოხედვისას საშუალება მექნება ვთქვა, რომ საჯარო სამსახურში ჩემი ყოფნით მე რაღაც შევცვალე. მქონდა გავლენა და ვემსახურე ჩემს ქვეყანას პოზიტიური გაგებით. კმაყოფილი ვიქნები, თუ ეს იქნება ჩემი კარიერული მწვერვალი. ახლა სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებული, ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ რამეს, რომელიც თავის ნაყოფს მომდევნო თაობებისთვისაც გამოისხმას”, – აღნიშნა ჟურნალისტის კითხვის პასუხად მარკო რუბიომ.
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიოს ქვეყნის პირველი დიპლომატის თანამდებობა 2024 წელს არჩევნებში დემოკრატებზე გამარჯვების შემდეგ ჩააბარა. მანამდე ის „რესპუბლიკურ პარტიას” სენატში ფლორიდის შტატიდან წარმოადგენდა.