მთავარისაქართველომორიგი სხდომა რვა პირის საქმეზე

მორიგი სხდომა რვა პირის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმის განხილვა კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდა.

სასამართლომ რამდენიმე მოწმეს, მათ შორის, საქმის მთავარ გამომძიებელ არსენ ხუნაშვილს მოუსმინა. მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უფლება მისცა, ჩაერთო საკუთარი მეხსიერების ბარათზე შენახული ვიდეო, რომელიც საქმეში ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ არსებული ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

ვიდეოს ამ ვარიანტს ხმა აქვს, განსხვავებით დედანის ვერსიისა, რომელიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გამომძიებელს ვიდეოს ჩართვის ნება დართო, სხდომათა დარბაზი რვავე ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ადვოკატები განმარტავენ, რომ ყველა მტკიცებულება, რომლებიც სასამართლომ „ბრალდებულის დამნაშავეობის შესაფასებლად“ უნდა გამოიყენოს, სასამართლოში უნდა იყოს წარმოდგენილი და მიიჩნევენ, რომ მოსამართლის ამგვარი გადაწყვეტილებით ბრალდებულებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა.

სხდომაზე მხარეთა კითხვებს უპასუხა გამომძიებელმა ლევან ბასილაძემაც. მისი გამოკითხვა წინა პროცესზე დაიწყო და სწორედ ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილ ერთ-ერთ მთავარ ვიდეომტკიცებულებას ხმა არ აქვს.

დაიკითხა კიდევ ერთი გამომძიებელი, გიორგი ჯიქიაც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ 4 დეკემბერს ხელმძღვანელს მიმართა პატაკით, რომლის თანახმადაც, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ირაკლი მიმინოშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა დროს დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებდნენ. მანვე თქვა, რომ მისთვის დანაშაულის ჩადენის თარიღები მისთვის ცნობილი „პირადი კონტაქტისგან“ გახდა.

ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend