„მათ ჰგონიათ, რომ გვასამართლებენ, თუმცა სინამდვილეში საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი…
ციხით გვაშინებენ, მაგრამ ციხე არ არის საშიში. ჩემი ბრძოლა 20 კვადრატულ საკანში ვერ ეტევა და ეგაა დისკომფორტი. ამათ ჰგონიათ, თავისუფლება შემიზღუდეს, არადა მხოლოდ ბრძოლის ველი დამიპატარავეს. ჩემს თავისუფლებას ვერც ვერავინ შემიზღუდავს და ვერც ვერავინ წამართმევს“, – აქციებისას დაკავებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვა თქვა. საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 28 ივლისს გამოაცხადებს.
ბრალდებულმა, რომელსაც პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება, სიტყვა იმით დაიწყო, რომ მისი სისხლის სამართლის საქმე „რევანში და შურისძიებაა” და ამაში პოლიციელები, პროკურორი და მოსამართლეები არიან ჩართული.
„არავის რევანშს სასამართლო არ ასრულებს” – განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა და ბრალდებულს უთხრა, მსგავს კონტექსტში მოსამართლეები არ ეხსენებინა.
ვრცელი სიტყვა, რომელსაც გიორგი ახობაძე დაახლოებით საათის განმავლობაში ამბობდა და რომელშიც ბრალდებული საქმის დეტალებთან ერთად გამოძიებასა თუ სასამართლოსთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებებსაც წარმოადგენდა, მოსამართლემ მას რამდენჯერმე გააწყვეტინა. რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძეს ისიც უთხრა, რომ თუ სასამართლოს ან რომელიმე მოსამართლეს კვლავ „შეურაცხყოფდა”, სხდომას მის გარეშე გააგრძელებდა.
რომეო ტყეშელაშვილი ამ სისხლის სამართლის საქმეს 7 ივლისის პროცესიდან უძღვება. მან საქმე პრაქტიკულად განხილვის დასასრულს გადაიბარა მიხეილ ჯინჯოლიასგან.
გიორგი ახობაძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ექიმი ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას დაკავებისას ,,ჩაუდეს”. მისი თქმით, პოლიციელებმა მისი პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აიღეს ბიოლოგიური მასალა და ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე თავად დაიტანეს.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან შინ მიმავალი დააკავეს. მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.