მთავარისაქართველოAgile Spirit 2025 დაიწყო

Agile Spirit 2025 დაიწყო

ამერიკელი სამხედროები საქართველოში დაბრუნდნენ. კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2025” გახსნის ცერემონიალი გაიმართა. სწავლება Agile Spirit 2025 საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება.

წვრთნები თურქეთში, ადანის პროვინციასთან ახლოს, ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ისა და თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

„ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სტრატეგიული, ვიმეორებ სტრატეგიული სწავლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ ურთიერთთავსებადობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწავლებას ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალები, მათ წარმართეს დაგეგმვის პროცესი და მოემზადნენ სწავლებისთვის.

სწავლების აღსრულების პროცესში ქართული მხარე ყველა მონაწილე ქვეყანას ხელმძღვანელობს დამკვირვებლებთან, მაკონტროლებლებსა და ინსტრუქტორებთან ერთად, რაც დაეხმარება სწავლებაში ჩართულ ყველა ქვედანაყოფს მზადყოფნის ამაღლებაში. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს ერთად გავიაროთ წვრთნა, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“, – აღნიშნა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit საქართველოში უკვე მეთორმეტედ იმართება. წლების განმავლობაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა დასახელების წვრთნებში მონაწილეობდნენ. 2024 წელს ქართულ-ამერიკული სწავლება NOBLE PARTNER აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გაუქმდა. მიზეზად დასახელდა საქართველოს ხელისუფლების გზავნილები, რომ თითქოს აშშ და დასავლელი პარტნიორები საქართველოს აიძულებდნენ, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად 2024 წელს სწავლების გაურკვეველი პერიოდით გადადებისა, შეერთებული შტატები კვლავ იყო საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი.

მტკიცე სული 2025-ის გახსნის ცერემონიაზე კი, კრწანისში არც ირაკლი ჩიქოვანი მივიდა და არც თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.

„სწავლების მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობების დაახლოებას და ქვედანაყოფების თავსებადობას. ამიტომ მე მინდა დაგიდასტუროთ საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნა, მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას და აღრმავებს პარტნიორულ შესაძლებლობებს“, – თქვა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ.

Agile Spirit 2025 რამდენიმე ადგილზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში – საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ასევე ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში – მე-2 ქვეით ბრიგადაში. წვრთნებში გამოყენებულია  აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები – „შავი ქორები“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend