ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 ივლისის დილიდან ტაილანდისა და კამბოჯის საზღვრის გასწვრივ შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები განახლდა.
ტაილანდისა და კამბოჯის სამეფოების შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებებს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.
სამხედრო დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 23 ივლისს ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა, ერთ-ერთმა კი ფეხი დაკარგა. მომხდარში ბანგკოკმა კამბოჯა დაადანაშაულა. თუმცა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის უფრო ადრე იღებს სათავეს.
მხარეები ერთმანეთს ედავებიან ტერიტორიის გამო, რომელზეც ანტიკური ბუდისტური ეკლესიაა განთავსებული.
ეს ადგილი 2013 წელს ჰააგის სასამართლომ კამბოჯას მიაკუთნა, რასაც არ ეთანხმება ბანკოკი.
ვითარება ქვეყნებს შორის მიმდინარე წლის მაისში გამწვავდა, როდესაც ტაილანდელმა ჯარისკაცმა კამბოჯელი მესაზღვრე მოკლა. მალევე, 24 ივლისს ტაილანდის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა კამბოჯი სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. შეტაკებები იყო ექვს სხვადასხვა რაიონში. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ეს არა ომი, არამედ სამხედრო მოქმედებებია, რომელთა მიზანიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა.
„ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავსა და ერის სუვერენიტეტს. ესაა ამ საკითხის მთავარი არსი. არ შეგვიძლია შევეგუოთ ეროვნული სუვერენიტეტის რაიმე სახით დარღვევას. ამრიგად, სრულათ ერთგული ვართ ჩვენი მოვალეობის, დავიცვათ საკუთარი თავი და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“, – აცხადებს ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ფუმტამ ვეჩაიაჩაი.
თუმცა როგორც ჩანს, კამბოჯაშიც იმავეს ფიქრობენ. ორივე მხარე კონფლიქტის წამოწყებაში ბრალს ერთმანეთს სდებს და აცხადებს, რომ მათი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა.
„კამბოჯას შეიარაღებული ძალების გამოყენება იმიტომ უწევს, რომ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაიცვას საკუთარი ტერიტორია ტაილანდიდან მომავალი საფრთხისგან. ყევლაზე მნიშვნელოვანი მიზანი საკუთარი თავის დაცვაა და თავდასხმების სამიზნე სამხედრო ობიექტებია და არა სხვა ადგილები“, – აცხადებს კამბოჯის სამეფოს სახელმწიფო მდივნის მოადგილე და თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, მალი სოჩეატა.
კონფლიქტი გრძელდება და დაპირისპირების მეორე დღეს 100 000-ზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია. ამასთან, ეს კონფლიქტი თანასწორი არაა, რადგან ტაილანდის სამხედრო შესაძლებლობები კამბოჯისას ბევრად აღემატება. ტაილანდის 362 000-კაციანი აქტიური პერსონალი კამბოჯის არმიაზე სამჯერ დიდია.