24 ივლისს ტაილანდურმა ავიაგამანადგურებლებმა კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე, საზღვრის გასწვრივ, საჰაერო იერიში მიიტანეს. დაღუპულია 8 ადამიანი და მოსალოდნელია კონფლიქტის ესკალაცია.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 23 ივლისს ტაილანდელმა ჯარისკაცმა ნაღმზე აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა. ტაილანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ნაღმი კამბოჯის მიერ იყო დადებული. მომხდარის შემდეგ ტაილანდმა კამბოჯასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა.
კამბოჯის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაილანდურმა F-16 ტიპის გამანადგურებლებმა დაბომბეს მიდამოები უძველესი პრეაჰ-ვიჰეარის ტაძრის მახლობლად, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ჰააგის სასამართლომ ტერიტორია კამბოჯას მიაკუთვნა, ტაილანდი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ტაილანდის პოლიციის ცნობით, ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები საზღვრის გასწვრივ ექვს ადგილას მიმდინარეობს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
მხარეები ერთმანეთს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.


