თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულთა საქმეებზე მორიგი პროცესები გაიმართა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 8 პირის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვით გააგრძელა. ამ საქმეში სამ პირს – ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს – პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. დანარჩენ ხუთ ბრალდებულს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
22 ივლისის პროცესზე გაირკვა, რომ ზვიად ცეცხლაძის საქმეში არსებულ ვიდეომასალას არ აქვს ხმა. საუბარია მოძრაობა „დაფიონის” „ფეისბუკის” გვერდზე განთავსებულ 14-წუთიან ვიდეოზე. ბრალდების მხარისთვის ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ვიდეომტკიცებულება, რომლითაც ის ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში სდებდა ბრალს. პროკურატურის მტკიცებით, მათთვის გადაცემულ ვიდეომასალას ხმა ჰქონდა.
სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, უფროსი გამომძიებელი ლევან ბასილაძე. მისი თქმით, ბრალდებულთა საქმეზე მან ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ლევან ბასილაძე ამბობს, რომ დაათვალიერა ტელეკომპანია „იმედის” „ფეისბუკის” გვერდზე ატვირთული ვიდეომასალა, რომელშიც, მისი თქმით, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე საუბრობდნენ ცეცხლის წაკიდებაზე, „ქართული ოცნების” გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის, ქონების დაზიანებაზე.
მოწმის მტკიცებით, ბრალდებულები ასევე საუბრობდნენ ახალ წლამდე დივერსიის მოწყობაზე, რომელსაც, ლევან ბასილაძის თქმით, მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. მოწმის განმარტებით, ვიდეოს ავთენტურობის დასადგენად, ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ვიდეოში ვეფხია კასრაძის ხმის ავთენტურობის დასადგენად შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა.
სხდომაზე ასევე განხილული იყო მოძრაობა „დაფიონის” ვიდეოს კომენტარები. ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმის ოქმში ამ ვიდეოს ქვეშ მოქალაქეთა 83 კომენტარიც დევს.
დაცვის მხარემ მოწმეს ჰკითხა, თუ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები კომენტარების ავტორთა ავთენტურობის დასადგენად და ხომ არ იყო ეს კომენტარები გენერირებული ხელოვნური ინტელექტის მიერ. მოწმე ლევან ბასილაძემ თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
მოწმე გამომძიებლის განმარტებით, ის მონაწილეობდა თორნიკე გოშაძის სახლის ჩხრეკაშიც, საიდანაც ნივთმტკიცებულებად ამოიღო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც ბრალდებულს აქციაზე ეცვა, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშები. სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა თორნიკე გოშაძემ. მან მოწმეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის იმის შესახებ, ჩხრეკაზე მისვლისას რატომ მოატყუა ის და მისი ოჯახის წევრები, რომ GWP-ის („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” – თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანიის) წარმომადგენელი იყო. მოწმე გამომძიებელმა თქვა, რომ ჩხრეკისას მას კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვა.
ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე ვერ მოხერხდა წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებების სრულად გამოკვლევა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროცესი 28 ივლისისთვის გადადო. პროცესის გადადების ერთ-ერთ არგუმენტად მან დაასახელა 11 პირის საქმეზე სხდომის დაწყების დრო.
აქციებისას დაკავებული 11 პირის პროცესი ამავე დარბაზში დაიწყო, თუმცა თითქმის საათნახევრიანი დაგვიანებით. სხდომათა დარბაზში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიძახა ბრალდების მხარის მოწმე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ზეგარდელი. ამ საქმეში მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მოწმის თქმით, ის პირველი დეკემბრის საღამოს პარლამენტის შენობის შიდა ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ქვა მარჯვენა წარბში მოხვდა.
ბრალდების მხარის სხვა მოწმეების მსგავსად, მანაც თქვა, რომ ბრალდებულთაგან არავის იცნობს, თუმცა, მოწმის თქმით, „დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ”.
დავით ზეგარდელმა განმარტა, რომ ეკიპირებაზე მას არ ჰქონდა დატანილი სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნომრები. ამ ჩვენებით ის ეწინააღმდეგება აქამდე გამოკითხული მისი კოლეგების ჩვენებებს. 17 ივლისს მათ თქვეს, რომ გდდ-ის თანამშრომლებს ჩაფხუტზე სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნომრები აქვთ.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი 25 წუთს გაგრძელდა. ყველა მათგანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.