მთავარისაქართველოპროკურორის დასკვნითი სიტყვა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

პროკურორის დასკვნითი სიტყვა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი.

სხდომის მიწურულს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დარბაზიდან გააძევა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მისული ზვიად ქორიძე. მანამდე მან პროკურორებს მიმართა, „ეფიქრათ საკუთარ სასჯელზე“.

21 ივლისის პროცესზე დაცვის მხარის მოწმეს მოუსმინეს. ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა. მისი მტკიცებით, მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს „შურისძიების მიზნით დაესხა თავს“. პროკურორმა გაიხსენა ჟურნალისტის ადმინისტრაციული წესით დაკავების ეპიზოდიც და თქვა, რომ მზია ამაღლობელმა აჭარის პოლიციის იმდროინდელ უფროს გრიგოლ ბესელიასთან კონტაქტი დაამყარა  „მარჯვენა ხელის ზურგზე შეხებით“. სხდომაზე ასევე ბრალდების მხარემ გაიზიარა მოწმე პოლიციელის, გოჩა ვანაძის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მან დააკავა მზია ამაღლობელი მაშინ, როცა ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ პოლიციელი გრიგოლ ბესელია იყო.

პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა ასევე თქვა, რომ დაცვის მხარეს აქამდე არ მიუმართავს საპროცესო შეთანხმებისთვის.

„მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]“, – თქვა პროკურორმა.

ჟურნალისტის ადვოკატი მაია მწარიაშვილი განმარტავს, რომ მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავს.

სასამართლო დარბაზში დაკითხეს დაცვის მხარის მოწმე ექიმი-ნევროლოგი, ნათია ხარატი. მისი თქმით, სილის გაწვნის პროცესში, არც ერთი ობიექტური ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ირაკლი დგებუაძემ ტკივილი განიცადა. მოწმე ამბობს, რომ მწვავე ტკივილის დროს „მისი შეკავება რთულია“, ხოლო სახეზე „გამოხატული იქნებოდა ასიმეტრია და სიწითლე“, რაც, მოწმე ექსპერტის თქმით, კადრებიდან არ გამოჩენილა.

ნათია ხარატმა თქვა, რომ მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძის ტკივილის ობიექტური ნიშნები არ ჰქონდა.

„სისხლძარღვები თუ დაზიანდა, შეიძლება ფერი შეიცვალოს, ბევრი რამ განსაზღვრავს ტკივილს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ობიექტური ნიშანი არ ჩანს. დგებუაძეს ჩივილი არ აქვს. რეალური დაზიანების ნიშნები ამ მომენტისათვის არ გვაქვს, პოტენციურ საფრთხეს რაც შეეხება, შესაძლოა, ყოფილიყო ჩალურჯება, მაგალითად, თუ წაიქეცი და გეტკინა, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე საათში ეს ზიანი გამოჩნდა. ასევე შეიძლება ადამიანი დაიბადოს ისე, რომ არ ჰქონდეს ტკივილი. მწვავე ტკივილს არ მოჰყვა არანაირი ზიანი, რამდენიმე საათის შემდეგ არ განვითარდა ანთებითი პროცესი. ამ ადამიანის [ირაკლი დგებუაძის] მენტალურ ჯანმრთელობაზე ვერ ვისაუბრებ. ის საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს. მგონია, რომ გავლილი აქვს შესაბამისი პროცედურები და არ მგონია, ამ მენტალობის ადამიანები მუშაობდნენ…“ – თქვა მოწმე ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა.

დაცვის მხარის მოწმის, ნათია ხარატის, მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სილის გარტყმის მომენტში, მზია ამაღლობელს ხელებზე ჩალურჯება ჰქონდა. მისივე თქმით, ამის გამო სილა ვერ იქნებოდა ძლიერი.

„წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად. სიწითლე ჰაერიდან არ მოდის, სიწითლეზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ, ამას ჩვენ ვერ ვმართავთ. ეს სიწითლე არანაირად არ შეიძლება 30 წუთის შემდეგ გაჩნდეს. ფსიქოლოგიურად შეიძლება განვიხილოთ, რომ ამ ადამიანის [ირაკლი დგებუაძის] შესაძლო ფსიქოლოგიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე… კონცერტზე ან სპექტაკლზე რომ მიდიხარ, ტაშს უკრავ, ხომ?! ტაშის დაკვრაზე უფრო სუსტი იყო ეს სილა… ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს. წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დავადგინე, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი…“ – თქვა მოწმე ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა.

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო პროცესი 1-ელ აგვისტოს დაინიშნა. სავარაუდოდ, ამ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენსაც.

მასალა მომზადებულია გამოცემა „ბათუმელების“ ლაივბლოგის მიხედვით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend