კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ რამდენიმე დღეში შესაძლოა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგეს.
პესკოვი თარიღს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მომლაპარაკებლები რუსეთის მხრიდან იგივე დარჩებიან, რაც წინა შეხვედრებზე.
მან ასევე თქვა, რომ მოსკოვისა და უკრაინის ხედვა კონფლიქტის დასრულების თაობაზე „დიამეტრულად საპირისპიროა” და მხარეებს წინ დიდი დიპლომატიური სამუშაო ელით.
რუსეთმა და უკრაინამ წელს პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს, პირველი 16 მაისს და მეორე 2 ივნისს.
ორივე რაუნდი სტამბოლში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების დროს ორი მხარე შეთანხმდა პატიმრების ფართომასშტაბიან გაცვლაზე, ჯერჯერობით არანაირი გარღვევა არ მომხდარა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ დასრულებაზე სრულმასშტაბიანი ომისა, რომელიც პუტინმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
ამასთან, უკრაინა და მისი მოკავშირეები უკმაყოფილოები არიან რუსეთის დელეგაციის შემადგენლობით და მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. ამის თაობაზე რამდენიმე დღის წინ ნატოს გენმდივანმაც ისაუბრა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას. მაშინ მან თქვა, რომ მოსკოვმა მოლაპარაკებებზე ისტორიკოსები გაგზავნა, რომლებმაც ლექცია წაიკითხეს რუსეთის ისტორიაზე 1250 წლიდან.