უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ რამდენჯერმე ახსენა. მისი თქმით, „ყველაფერი კეთდება“ სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივებისთვის, რაშიც ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებსაც ადანაშაულებს.
„დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის – ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რასაც როგორც აღვნიშნეთ, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის დასუსტება უნდა მოჰყვეს შედეგად და ცხადია, ასეც იქნება…“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ევროპული სახელმწიფოები ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ კარნახით მოქმედებენ, როდესაც შეიარაღების ხარჯებს ზრდიან.
„ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ, კიდევ უფრო ზრდის კონტინენტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობასა და სოციალურ ფონს.
ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.