ფოტო არქივიდან
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დაკითხეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც განიხილეს პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე.
ორივე მოწმეს – ლაშა გელაშვილსა და გიორგი გობრონიძეს – საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დემონსტრანტთა მხრიდან ნასროლი ქვა მოხვდა, რის შედეგადაც, მარჯვენა ფეხის კოჭი დაუზიანდა. მოწმე ვერ ასახელებს იმ პირის ან პირთა ვინაობას, ვინც მას დაზიანება მიაყენა, თუმცა დასძენს, რომ „პრეტენზია აქვს ყველას მიმართ, ვინც ის და მისი სხვა თანამშრომლებიც დააზიანა”.
„30 ნოემბერს, საღამოს 9-10 საათისთვის მომიწია მისვლა პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე. შენობაში ვიყავი. თავდაპირველად, იმართებოდა მშვიდობიანი აქცია, დროთა განმავლობაში გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და დაიწყეს ქვებისა და სხვადასხვა ნივთის სროლა…
წინ, [პარლამენტის] კიბეებთან, განლაგებულნი იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მათ არ ჰქონდათ სპეციალური დამცავი საშუალებები და მოგვიწია მათი ჩანაცვლება… ფეიერვერკებს გვესროდნენ ისე, რომ ვერ ვხედავდით… იყო შემთხვევები, როცა მომიტინგეები 9 აპრილის ქუჩისკენ ამოდიოდნენ და გვესროდნენ ქვებსა და ფეიერვერკებს. პარლამენტის სვეტები სადაც არის განლაგებული, იქ ამოდიოდნენ აქციის მონაწილეები… ფეიერვერკი ორჯერ მომხვდა ფეხებში. ფარით ავიცილეთ ქვები. ვანაცვლებდით ერთმანეთს ბიჭები. ცდილობდნენ რკინის ჯებირის გაღებას, რა დროსაც, ფარებზე დარტყმით მათ შეშინებას ვცდილობდით… ბავშვები იყვნენ, არ მახსოვს ვინ… მათი მიზანი იყო პარლამენტში შემოსვლა. ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ შეგვეშინებინა და ამ დროს ქვა მომხვდა მარჯვენა ფეხის კოჭში, ფეხი დამიცურდა, ვიღრძე და ჩამისვეს თაბაშირში… არ დამინახავს, ვინ ისროდა ქვებს, უბრალოდ თანამშრომლებს გვესროდნენ…”- თქვა ლაშა გელაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ თქვა, რომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები კანონით უნდა დაისაჯონ:
„რასაც გამოძიება ედავება დამნაშავეებს, თუ დაუმტკიცდათ ეს ყველაფერი, ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ დაისაჯონ კანონის შესაბამისად…” – თქვა გელაშვილმა.
გდდ-ს თანამშრომლის თქმით, მასა და მის კოლეგებს ამოსაცნობი ნომრები ჰქონდათ მინიჭებული. ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ მის დამცავ ჩაფხუტზე 36 ნომერი იყო დატანილი. ამავე მაიდენტიფიცირებელ ნომრებზე ისაუბრა ბრალდების მხარის მეორე მოწმემ, გიორგი გობრონიძემ. 11 პირისა და აქციებისას დაკავებულთა სხვა საქმეებზე აქამდე გამოკითხულმა მოწმეებმა თქვეს, რომ სამართალდამცველების ეკიპირებაზე საიდენტიფიკაციო ნომრები დატანილი არ ყოფილა.
თვეების განმავლობაში, მედიის კითხვების პასუხად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც აცხადებდა, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ასევე ჟურნალისტებზე ძალადობაში მხილებული პირების იდენტიფიცირება სწორედ ამ მანიშნებლების არარსებობის გამო იყო შეუძლებელი. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეს სამსახური 1-ელი ივლისიდან აღარ არსებობს და მისი საქმეები საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გადაიბარა.
ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებზე ისაუბრეს ადვოკატებმაც. აქციებისას დაკავებულების – ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას უფლებადამცველმა თქვა, რომ თავის დროზე შესაბამის უწყებას უნდა დაედგინა, შესაძლებელი იყო თუ არა სამართალდამცველების იდენტიფიცირება:
„ბრალდებულებზე ბევრი ახალი ვერაფერი გავიგეთ ამ ადამიანებისგან, მაგრამ გავიგეთ კოკა კაციტაძეზე, რაზეც მისი აწ უკვე აღარ არსებული უწყება აპელირებდა, რომ „შეუძლებელი იყო ამ ადამიანების დადგენა და ამოცნობა, თუნდაც, გამოძიების ფარგლებში“, გამოდის, რომ ეს ყოფილა თურმე ტყუილი და სახელმწიფოს ინტერესი არ ჰქონდა იმდენად, რამდენადაც, ეს გახლავთ უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამომცნობი ნიშნებიც არსებობდა, კონკრეტულ ჯგუფებს კონკრეტული ხელმძღვანელი ჰყავდა და ფიცის ქვეშ უკვე მათი ვინაობებიც მოვისმინეთ. მოვისმინეთ ასევე ადგილზე დავალებების გაცემის სქემა და თანმიმდევრობა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ვერბალური და, ხშირ შემთხვევაში, რეაქციული და არავითარი გენერალური მომზადება, სქემა, სამოქმედო გეგმა, რისკების შეფასების ინსტრუმენტები არ არსებობდა.
ფაქტობრივად, ეს ადამიანები გამოსული იყვნენ და დამოკიდებული იყვნენ ხმებზე, რასაც გაიგონებდნენ და უნდა მოემოქმედებინათ…“ – თქვა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.
გდდ-ს თანამშრომელმა, მოწმე გიორგი გობრონიძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ დაზიანება 29 ნოემბერს, პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე, დემონსტრანტთა მიერ ნასროლი ფეიერვერკის შედეგად მიიღო, თუმცა, კოლეგის მსგავსად, მანაც ვერ დაასახელა კონკრეტული პირების ვინაობა. გობრონიძემაც თქვა, რომ „პრეტენზია აქვს აქციის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც პოლიციელები დააშავა 27-შიც და 28-შიც [ნოემბერს]“, თუმცა ფართომასშტაბიანი პროევროპული საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო.
სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა, რუსლან სივაკოვმა და სერგეი კუხარჩუკმა. მათ მოსამართლეს მიმართეს თხოვნით, სხდომათა დარბაზში მედიის წარმომადგენლებს შესძლებოდათ ფოტო-ვიდეოგადაღება. მათი თქმით, ეს არის ერთადერთი საშუალება მათი ოჯახის წევრებისთვის, ვისაც არ აქვს უკრაინიდან თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა, იხილონ, რა ხდება მათ სასამართლო პროცესებზე.
„დედაჩემი არის უკრაინაში, [ომის შედეგად] დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან. იქ არ არის ტელევიზია. არ არის კავშირი. მხოლოდ 30 წუთით ირთვება ინტერნეტი. იქნებ ამ ფორმით მაინც შეძლოს ნახვა… ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და იქნებ ასე მაინც შეძლოს ჩემი ნახვა. საქართველო, მიყვარხარ!” – თქვა რუსლან სივაკოვმა სასამართლო სხდომაზე.
ბრალდებულთა თხოვნა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა.
მანამდე, სხდომის დაწყებისთანავე, დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულების – სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმნის აცილება. ბრალდებულთა თქმით, თარჯიმანი დაკისრებულ უფლებამოსილებას პროფესიულად ვერ ასრულებდა. ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ის მათი დაცვის ქვეშ მყოფებს შეურაცხმყოფლად მიმართავდა. სასამართლომ მოისმინა თარჯიმნის პოზიციაც. მისი თქმით, ის უფლებადამცველებისგან „ზეწოლას გრძნობდა”. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა თარჯიმნის თვითაცილების შუამდგომლობა და ახალი თარჯიმანი მანანა კარაპეტიანი დანიშნა.
აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მომდევნო სხდომა 21 ივლისს დაინიშნა.