მთავარიაზიაღაზაღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას მსხვერპლი მოჰყვა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას მსხვერპლი მოჰყვა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილება კვლავ მსხვერპლით დასრულდა. ხან-იუნისში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან, ჭყლეტა მოხდა და ოფიციალური ცნობით, სულ მცირე, 20 პირი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 15 ჟანგბადის უკმარისობით დაიღუპა, 6-ს კი ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. დაღუპულთა მონაცემები ამ დრომდე ზუსტდება.

„ეს იყო ხოცვა-ჟლეტა ყველა გაგებით. ჩვენ დახმარების განაწილების ცენტრის კართან ვიდექით. გასცეს ბრძანება, რომ წინ არავინ წასულიყო. თუმცა ახალგაზრდები იქ შეღწევას ცდილობდნენ. ისრაელელებმა ისროლეს და იგივე გააკეთა ჰუმანიტარული მისიის დაცვის სამსახურმაც. ბოლოს ისეთი ქაოსი ატყდა, რომ ყველა ერთმანეთზე იწვა. ჩვენ მათ დახმარებას ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით“, – ამბობს თვითმხილველი აჰმად აბუ ამრა.

„ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ დახმარება აღარ იყო, თუმცა ახალგაზრდებმა შენიშნეს, რომ გასასვლელთან სხვადასხვა პროდუქტი იდო. ისინი შევიდნენ კარტოფილის ასაღებად და როცა კარი ოდნავ გაიღო, ხალხი მიაწყდა პროდუქტის ასაღებად. ბავშვები წაიქცნენ, ამ ქაოსში ხალხი აბიჯებდა და გაიგუდნენ“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ეს იყო სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ღაზაში არსებული ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მოხდა. თუმცა თვითმხილველებისა და ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  ეს პირველი შემთხვევა არ არის და ისრაელელი სამხედროები ჰუმანიტარულ დერეფნებსა თუ დახმარების ცენტრებს უტევენ. ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ფონდის განმარტებით, ხან-იუნისის რაიონში არეულობა „ჰამასთან“ დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიწყეს.

„ჰამასის” მიერ კონტროლირებადი  მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ფონდი დანაშაულის დაფარვას ცდილობდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ ჯერ პალესტინელებს დახმარების მიღება შესთავაზეს, შემდეგ კი რკინის კარი ჩაუკეტეს და ათასობით მშიერი ადამიანი ვიწრო რკინის დერეფნებში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ფონდის მცველებმა იქ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც შენობაში შეღწევას ცდილობდნენ,  ესროლეს ელექტროყუმბარები და წიწაკის სპრეი, რამაც ვიწრო, შემოღობილ შესასვლელში პანიკა გამოიწვია.

დახმარების ცენტრის ოთხივე ობიექტი ისრაელელი თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებად ზონებში მდებარეობს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისმა ჯარებმა მხოლოდ გაფრთხილებისა და ხალხის გაკონტროლების მიზნით ისროლეს.

სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ღაზაში 2 მილიონზე მეტი პალესტინელი კატასტროფული ჰუმანიტარული კრიზისისა და შიმშილის ზღვარზეა. ტომ ფლეტჩერმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ აუცილებელია ისრაელმა ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე უზრუნველყოს პალესტინელების საკვებითა და მედიკამენტებით დახმარება.

„ბავშვებში შიმშილის მაჩვენებელმა ივნისში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, 5 800-ზე მეტ ბავშვს კვების უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. გასულ კვირას შიმშილის გამო ბავშვები და ქალები დაიღუპნენ, ისინი სიცოცხლისთვის საჭირო საკვებ დანამატებს ელოდებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. „ჰამასს“ კვლავ ჰყავს მძევლები. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წევრები თავს ესხმიან ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებს. ჯანდაცვის სისტემა სავალალო მდგომარეობაშია. 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 17  მუშაობს, ხოლო 170 პირველადი დახმარების ცენტრიდან მხოლოდ 63 ფუნქციონირებს და ისიც ნაწილობრივ. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა ტომ ფლეტჩერმა, საგანგებო დახმარების კოორდინატორმა და  გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში.

„ბოლო 21 თვის განმავლობაში ღაზაში, ოფიციალური ცნობებით, 17 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 33 000 დაშავდა. საშუალოდ ყოველდღიურად 28 ბავშვის სიცოცხლე ეწირება ამ ომს, ეს, ფაქტობრივად, ერთ მთელ საკლასო ოთახში მყოფი ბავშვების რაოდენობას უტოლდება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ: თითქმის ორი წელია, ყოველდღიურად ამდენი ბავშვი იღუპება.  ისინი არ არიან მეომრები.  მათ ხოცავენ და ასახიჩრებენ, როდესაც ისინი რიგში დგანან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვებისა და მედიკამენტების მისაღებად“, – ამბობს ქეთრინ რასელი გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ ღაზის ტერიტორიაზე მცხოვრები მილიონი ბავშვიდან უმრავლესობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ივნისში 6000 ბავშვს კვების მწვავე დეფიციტი აღენიშნებოდა, რაც ამ წლის თებერვალთან შედარებით, 180%-ით მეტია, თუმცა გამოსავალი ჯერ ისევ არ ჩანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend