„სიკვდილით სავსე ქალაქი“ – ამ სახელწოდებით თბილისის მერიასთან მოძრაობის „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 14 ივლისს დედაქალაქში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ფასადის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას კახა კალაძესა და თბილისის მერიას აკისრებენ.
„თბილისში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არახალია სისტემებისა და სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართაობა, გულგრილობა, კორუფცია, რამაც წლების განმავლობაში არაერთი ჩვენგანი გააუბედურა, ბავშვები დააობლა, ოჯახები უსახლკაროდ დატოვა. ასეთი შემთხვევების სიმრავლე, როგორებიცაა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედია, აფრიკისა და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სახლების დემონტაჟი, ვაშლიჯვრის გზაზე გაჩენილი ბზარი და ა.შ. გვარწმუნებს, რომ გუშინდელი ტრაგედია არ არის უბედური შემთხვევა. ეს არის კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობისა და უცოდინრობის შედეგი“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ „თბილისის მერიის დანაშაულის პარალელურად“ გასული წლის დეკემბრიდან დედაქალაქის მერიიდან პროფესიონალებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და ეს მაშინ ხდება, როცა მათი არსებობა „თბილისის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
„რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად მკაცრდება და თავისუფალ მედიას თუ აზრის თავისუფალ გამოხატვას კრძალავს, ახლო მომავალში იქამდე მიგვიყვანს, რომ ვერც კი გავიგებთ, რა მოხდა ჩვენს ქალაქში და ვისი პასუხისმგებლობაა შენობის ჩამონგრევა. ნებისმიერი კრიტიკული აზრი და ფაქტი აღარ იქნება გაშუქებული“, – წერია განცხადებაში.
14 ივლისის საღამოს თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.