მთავარიევროპაუკრაინარუსული ქიმიური იარაღი უკრაინის წინააღმდეგ

რუსული ქიმიური იარაღი უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, წარწერით – „წარმატებული რეიდი მოწინააღმდეგის ზურგში“.  მსგავს ოპერაციებს უკრაინის მცველები ყოველდღიურად აწარმოებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევმა 6 სამიზნე გაანადგურა,  სადაც რუსეთის არმიის შეიარაღება და ცოცხალი ძალა იყო განლაგებული.  განადგურდა ასევე რუსული მართვის 3  პუნქტი, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ბევრი სხვა რამ.

პარალელურად არ წყდება რუსეთის არმიის იერიშებიც.  უკრაინული წყაროებით,  ერთ დღეში მათ საოკუპაციო არმიის 171 იერიში მოიგერიეს. სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, რომ რუსეთს უჭირს სტრატეგიული წარმატებების მიღწევა.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა კრემლის მხრიდან არაკონვენციური იარაღის გამოყენების შესახებაც ისაუბრა.

„რუსეთის საჰაერო იერიშები რეკორდულ ნიშნულს აღწევს და ჩვენ ვხედავთ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების მზარდ ტენდენციას უკრაინაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. პასუხად კი ევროკავშირი აპირებს რუსეთს სანქციების ერთ-ერთი მკაცრი პაკეტი დაუმტკიცოს“, – ამბობს კაია კალასი.

მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებს კიდევ ერთხელ ღიად უპირისპირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც. ლონდონის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტ „ჩეთემ ჰაუსში“ სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ალიანსს მეტი რესურსი სჭირდება სამხედრო წარმოებისთვის.

„პუტინის ომის მანქანა ჩქარი ტემპით მუშაობს და არ ნელდება. ჩინური ტექნოლოგიების დახმარებით, მოსკოვი საკუთარ ძალებს აახლებს და იარაღს გაცილებით სწრაფად აწარმოებს. საბრძოლო მასალას რაც შეეხება – რუსეთი სამ თვეში აწარმოებს იმდენს, რამდენსაც ნატო  მთელი წლის განმავლობაში.  მოსკოვს შეუძლია მიმდინარე წელს აწარმოოს 1500 ტანკი, 3000 ჯავშანმანქანა და „ისკანდერის“ 200 რაკეტა. 5 წელიწადში რუსეთს შეეძლება, ძალა გამოიყენოს ნატოს წინააღმდეგ“, – ამბობს მარკ რუტე.

კრემლი არაფერს ამბობს რუსეთის სამხედრო მრეწველობის მასშტაბის შესახებ. ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.  ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა მნიშვნელოვნად გაზარდა საარტილერიო ჭურვების წარმოების ტემპი, თუმცა, ამავდროულად, შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეიდანაც იღებს. მარკ რუტემ მკვეთრად განსაზღვრა ის მიმართულებები, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სჭირდება სამხედრო პასუხის ეფექტიანობის გასაზრდელად: „დეტალების ზუსტი შინაარსი გასაიდუმლოებულია. თუმცა ჩვენ გვჭირდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-იანი ზრდა.  ჩვენ გავაძლიერებთ ცის დამცავ ფარს. ჩვენს სამხედროებს ასევე სჭირდებათ ათასობით დამატებითი ჯავშანმანქანა და ტანკი, მილიონობით საარტილერიო ჭურვი. უნდა გაორმაგდეს ლოგისტიკის, მომარაგების, ტრანსპორტირებისა და სამედიცინო უზრუნველყოფის შესაძლებლობები. მოკავშირეები უფრო მეტ საბრძოლო ხომალდსა და სამხედრო თვითმფრინავს შეიძენენ. ერთ მაგალითს გეტყვით: მოკავშირეები ერთობლივად შეისყიდიან  F-35 ტიპის სულ მცირე 700 გამანადგურებელს. ჩვენ ასევე ჩავდებთ ინვესტიციებს უფრო მრავალრიცხოვან დრონებსა და შორსმოქმედ სარაკეტო სისტემებში. და მეტს დავხარჯავთ კოსმოსისა და კიბერსივრცის შესაძლებლობების განვითარებაზე“.

უკრაინა ახლა დამატებით შეიარაღებას ელოდება. კიევის  გარშემო მოკავშირეთა ძალების კონსოლიდაცია კი კიდევ უფრო მტკიცდება, რაც მოსკოვში უდავოდ გამოიწვევს ახალ ვნებათაღელვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend