აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის დედაქალაქს თავს არ უნდა დაესხას.
დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ მან ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა, შეეძლო თუ არა კიევს მოსკოვსა ან სანქტ-პეტერბურგზე იერიშის მიტანა იმ შემთხვევაში, თუ აშშ მას შესაბამის შეიარაღებას მიაწვდიდა.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ამერიკა კიევისთვის უფრო შორს მოქმედი რაკეტების მიწოდებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
მიუხედავად ამისა, მას ვლადიმერ პუტინის მიმართ ბოლო დროს ცხადად გამკაცრებული ტონი არ შეუცვლია და კრემლის მეთაურს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დადგენილი 50-დღიანი ვადის შესახებ შეახსენა.
როდესაც მას ჰკითხეს რას ელის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მის ულტიმატუმს არ დასთანხმდება, ტრამპმა განაცხადა, რომ მოვლენები სწრაფად ვითარდება და შედეგი შესაძლოა 50 დღემდე ბევრად მალეც დადგეს.
„მე არავის მხარეს არ ვარ. იცით ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის. მინდა შევაჩერო კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობა. მინდა, რომ შეწყდეს სისხლისღვრა რუსეთ-უკრაინის ომში. სწორედ ამის მომხრე ვარ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა გერმანიის მეშვეობით უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების პირველი მარაგის გაგზავნაც.
„კიევისთვის ევროპული ქვეყნების გავლით ამერიკული იარაღის მიწოდების პროცესში გერმანია ძალიან აქტიურად არის ჩართული”, – ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, რომელიც გასულ კვირას ბერლინში, კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდა.
თავად მერციც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდა ტრამპს და დაარწმუნა, რომ გერმანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების პროცესში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
„ამას ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ“, – თქვა მერცმა, – „ეს უკრაინას დაეხმარება, დაიცვას თავი რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორისტული დაბომბვის კამპანიისგან. ეს ერთადერთი გზაა მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა საბოლოოდ შედგეს სამშვიდობო შეთანხმება“.
აშშ-ის პრეზიდენტის ულტიმატუმს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.
მან პრეზიდენტის განცხადებას „ძალიან სერიოზული“ უწოდა და დასძინა, რომ კრემლს დრო სჭირდება ვაშინგტონში ნათქვამის გასაანალიზებლად და რომ თუ იგი ამას საჭიროდ ჩათვლის, პრეზიდენტი პუტინი კომენტარს აუცილებლად გააკეთებს.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ დრომდე, რუსეთის აგრესიის ინტენსივობა არ იკლებს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ოთხშაბათს დილით განაცხადეს, რომ მოსკოვმა მათი მიმართულებით 400 დრონი და ერთი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რომელთა სამიზნე ხარკოვის სამი ქალაქი, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური კრივი რიჰი აღმოჩნდა.
დაღუპულია სულ მცირე ორი, ხოლო დაშავებულია 12 მოქალაქე.