ევროკომისიის ცხრა დათქმა რვა პუნქტმა შეცვალა. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონკრეტული კანონების გაუქმება, საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა – ამ და კიდევ ექვსი პუნქტის შესრულებას მოითხოვს ბრიუსელი თბილისისგან.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილის ადრესატი ვახტანგ მახარობლიშვილია, ევროკავშირში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.
წერილში თბილისს სთხოვენ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას, კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე ევროკომისიის მომდევნო ანგარიშში განიხილება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმები.
წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ შესაბამისი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის „2025 წლის იანვრიდან ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო გადაადგილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისათვის“.
ევროკომისიის დირექტორატი აცხადებს, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისგან მოელიან კონსტრუქციულ პასუხს და ყველა საჭირო ზომის მიღებას.
ბრიუსელის გარდა „ქართულ ოცნების“ მისამართით კრიტიკა ისმის ლონდონიდანაც. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი ამბობს, რომ „მაგიდაზე ბევრი ვარიანტია“, ამბობს იმასაც „დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს“.
ევროკავშირთან თბილისის გაუარესებულ ურთიერთობებზე ისაუბრა საქართველოში გერმანიის ელჩმაც. პეტერ ფიშერი განმარტავს, რომ „გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია“.
„2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა სწრაფად შორდება ევროკავშირს ყველა ფუნდამენტური მიმართულებით. საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და გერმანიასთან ღრმა კრიზისს განიცდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს გამოსავალი, თუმცა, ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ ვიყავით საქართველოს სანდო პარტნიორები. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, თუმცა თუკი საქართველოც ისურვებდა, კვლავ ჩვენი პარტნიორი იყოს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის პრივილეგია. ის დამოკიდებულია კონკრეტულ მოცემულობებზე. ჩვენ შევხედავთ და მოვუსმენთ საქართველოს ხელისუფლების პასუხს ევროკომისიის მოთხოვნებზე და ამის მიხედვით გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს… ყველაფერი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, ევროკავშირის მიერ ბევრჯერ იყო დაწერილი და გაცხადებული. ქვეყანაში მიღებულია სამოქალაქო საზოგადოებისთვის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წესებს…
არ გვინდა სანქციების დაწესება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ სანქციებს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უნივერსალური უფლებების სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც საქართველომ თავად მოაწერა ხელი, მათ შორის, გაეროს, ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებების ქარტიებს. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ამას მომავალშიც გავაკეთებთ, თუ საჭირო იქნება…“ – თქვა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.
მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება, რადგან პარტია ევროკავშირის საკანონმდებლო წესებს „სრულფასოვნად იცავს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება. ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა იმ რეკომენდაციებს და სამუშაო პროცესს ეფუძნება, რომელიც ყოველთვის ევროკომისიასთან გვქონდა. ასეც გავაგრძელებთ. წერილს შევისწავლით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს. მათ შორის, რა შეიძლება, გააკეთონ შსს-მ, იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, რათა ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს იმის განცდა არ ჰქონდეს, რომ უვიზო რეჟიმის სისტემა ბოროტად იყოს გამოყენებული…
ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, ამ დროს 31 აგვისტოს ამბობენ. შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს, ამიტომ ფიზიკურად ეს კანონები ვერ გაუქმდება, ამის ნება რომც იყოს“, – ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი
თუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მართლაც, შეჩერდება, ოპონენტები პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აკისრებენ.
„ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციებისთვის თავის არიდებას [ვიქტორ] ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს, საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, სამი მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები…“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
„ქართული ოცნების“ პირობებში ვკარგავთ არა მხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რომლებიც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია…“ – თქვა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც წერენ, რომ ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანია.
„თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს.
მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს“, – ეს არის ამონარიდი 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებიდან.
ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად მმართველ პარტიას ვადა 31 აგვისტოს ჩათვლით აქვს.