მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილის წერილი ევროპელ მინისტრებსა და კაია კალასს

სალომე ზურაბიშვილის წერილი ევროპელ მინისტრებსა და კაია კალასს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს და მოუწოდებს, წინ აღუდგნენ რუსეთის ახალ სტრატეგიებს, რადგან „თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება”.

სალომე ზურაბიშვილი ასევე წერს, რომ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის მომავალი გაფართოების აუცილებელ ელემენტად რჩება, ხოლო რუსეთი, რომელიც ვეღარ აჩერებს „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამად მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს”, ცდილობს ამას საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გზით შეეწინააღმდეგოს.

„ამით ის აფერხებს მშვიდობიანი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებას, რომელიც ღია იქნება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საქართველოს კონტროლით, რუსეთი ასევე შავ ზღვაზე ექსკლუზიური გავლენის შენარჩუნებას ცდილობს”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და მიიჩნევს, რომ „რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნის დაქვემდებარებას ახალი ჰიბრიდული სტრატეგიით, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს, მასშტაბურ პროპაგანდასა და არაპირდაპირ ჩარევას ეფუძნება”.

„ქვეყნის მმართველი რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურად რუსეთის დიქტატსაა დაქვემდებარებული, ჩინური ინვესტიციებისთვის ეკონომიკურ გზებს ხსნის შავ ზღვისპირეთში, მათ შორის, ანაკლიის პორტში, რითაც იქმნება კონკურენცია ევროპული და დასავლური ინვესტიციებისთვის, ეს კი ასევე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება”, – წერია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

მისივე თქმით: „საქართველოში დღეს არსებული ვითარება არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნებით გამოწვეული შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, გამოწვევის, რომელიც მის დემოკრატიულ ხედვას ეწინააღმდეგება და აზიანებს მას; გამოწვევის, რომელიც ევროკავშირის გავლენის ზრდასა და გაფართოებას აჩერებს, რომელიც ნამდვილად ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალის ჩამოყალიბებას განსაზღვრავს, ამიტომაც, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ფუნდამენტურად (არსობრივად) ევროპის კრიზისია”.

სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს:

– შეაფასონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა.

– მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული დროშებით ხელში უპირისპირდება სისასტიკესა და შიშს. ნაკლები რეაგირება ნიშნავს იმ ერის მიტოვებას, რომელმაც არასდროს დაკარგა საკუთარი მიზანი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი;

– იმოქმედონ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით: მკაფიოდ, ერთსულოვნად და ქმედითად, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუციები მოითხოვს. ამ ეტაპზე ყოველგვარი დაგვიანება ნიშნავს ავტორიტარიზმისა და რუსეთის ზეგავლენის წინაშე დანებებას.

„სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა! ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend