მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მუშაობენ უკრაინისთვის „პეტრიოტების“ დაჩქარებული წესით მიწოდებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მუშაობენ უკრაინისთვის „პეტრიოტების“ დაჩქარებული წესით მიწოდებაზე

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს, შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესაც ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გაწეული ძალისხმევისთვის.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის მზადყოფნისთვის, დაიცვას ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე. ეს ომი მხოლოდ რუსეთის გამო გრძელდება, პუტინის სურვილის გამო. რუსეთი ცდილობს, ომი ახალ ნორმად წარმოაჩინოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

განცხადებიდანვე ირკვევა, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა უფრო ხშირ კომუნიკაციაზე, რომლის ფარგლებშიც მომდევნო ნაბიჯებსა და რუსული თავდასხმისგან ხალხის ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე მარკ რუტესთან საუბრის დროს გაირკვა, რომ აშშ, გერმანია და ნორვეგია უკვე მუშაობენ უკრაინისთვის „პეტრიოტების“ დაჩქარებით მიწოდებაზე.

„მშვიდობის მისაღწევად და სიცოცხლის გადასარჩენად რუსეთზე ზეწოლის გაზრდა მნიშვნელოვანია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

„მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე კონგრესის წევრებთანაც განვიხილეთ. ვმუშაობთ ჩვენი დელეგაციების დონეზე – უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების – იმ ძალებისა და საშუალებების უზრუნველსაყოფად, რომლებიც გვჭირდება მოსახლეობისა და ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. კერძოდ, ამერიკული იარაღი, რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები, რომელთა შესახებაც კანონპროექტი კონგრესში უკვე მომზადებული აქვთ, ასევე ევროპული დაფინანსება და მხარდაჭერა, ჩვენი ერთობლივი თავდაცვის უზრუნველყოფა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებთან თავდაცვის საკითხში მნიშვნელოვან შეთანხმებაზე მუშაობენ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„მადლობელი ვარ როგორც ჩვენი გუნდის, ისე შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნორვეგიის, უკრაინისთვის „პეტრიოტების“ შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან თავდაცვის საკითხზე მნიშვნელოვან შეთანხმებებზე. დეტალებზე სასაუბროდ ჯერ სათანადო დრო არაა, მაგრამ ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე 14 ივლისს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, მათ შეხვედრის დეტალები ერთმანეთს საუბრის დროს გაუზიარეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend