აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 10 ივლისს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის ორი მოქალაქე რუსეთის მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის” შემადგენლობაში ბრძოლისთვის დააკავა.
ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ რამილ ალიევსა და ისმაილ ჰასანოვს აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მათ ბრალად ედებათ უკრაინაში რუსეთის მხარეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა და ასევე რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა. სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ალიევი და ჰასანოვი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებულ წვრთნებს გადიოდნენ. დაკავებულებს აზერბაიჯანული კანონმდებლობით, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბაქოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკატერინბურგში საპოლიციო რეიდს აზერბაიჯანის ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანამ რუსეთის საპასუხოდ დიპლომატიურ დემარშს მიმართა. ილჰამ ალიევმა გააუქმა ყველა ის კულტურული ღონისძიება, რომლებსაც აზერბაიჯანში კრემლი და მისი მოკავშირე კერძო ინსტიტუტები აწყობდნენ. რუსეთმა აზერბაიჯანის მიერ გადადგმული ხისტი ნაბიჯები „არამეგობრულად“ შეაფასა.