რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტით კიევზე მორიგი ძლიერი იერიში მიიტანა, რასაც ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 13 დაიჭრა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური იერიში იყო უკრაინის დედაქალაქზე.
ათასობით მოქალაქემ ღამე მეტროს სადგურებში გაატარა. 1000-ზე მეტი პირი, მათ შორის 70 ბავშვი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტროს სადგურს აფარებდა თავს.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე დაწერა პოსტი, რომ თავდასხმის შედეგად შევჩენკივსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე ხანძარი გაჩნდა. მაშველები ხალხის გადარჩენას ცდილობდნენ.
კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ხანძარი იყო ასევე ხუთ სხვა რაიონშიც, ბოლო ინფორმაციით, დაიწვა საცხოვრებელი შენობები, მანქანები, საწყობები, ოფისები და სხვა ნაგებობები.