„რეალისტური გეგმა“ რეალობის აღსაქმელად – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციას ახალ გამოსავალს სთავაზობს, რომელმაც, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი. გეგმა ტექნიკური მთავრობის შექმნასა და არჩევნებში ოპოზიციის არმონაწილეობას გულისხმობს.
„ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე და რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე, რასაც ჰქვია გარდამავალი მთავრობა. არავის უყვარს ვაკუუმი, ჩვენი საზოგადოების წუხილი და ნაკლები ჩართულობა აქედანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს, „ესენი თუ არა აბა ვინ?“ – ეს არის მუდმივი კითხვა, როცა რეჟიმის ცვლილება მოდის. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ და დავანახოთ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, ვინ იქნება ხვალ, როცა დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის ჩამოშლით…“ – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა 9 ივლისს.
სალომე ზურაბიშვილის ახალ გეგმებს „ქართულ ოცნებაში“ „კომიკური“ უწოდეს.
„სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მეშვიდე წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი, ეტყობა, ცალკე შეაკერვინა და დადის ამ დროშით და გაიძახის, ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა? სინამდვილეში ხომ ამაზე უბრალოდ, უნდა ვიცინოთ. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, მერე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. ასეთი შემთხვევები ჩვენ ადრინდელიდან გვახსოვს, როდესაც რაღაც „თვითმარქვია მმართველები“ იყვნენ“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ახალი ინიციატივა შეაფასეს მისმა ადრესატებმაც. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გადახედვისკენ მოუწოდებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარტია „ლელოს“, გააცნობიეროს შეცდომა და ნუ გაჯიუტდება მის შეცდომაში, ნუ დაარღვევს ოპოზიციურ ერთობას და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობით ნუ შეუქმნის ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“, როგორც ეს ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ერთიანობითა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ…“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გია ბარამიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს პასუხობს მისი მოწოდების ადრესატი. კოალიციის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუკზე“ წერს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეთანხმება. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ, მისი შეფასებით, ავტორიტარული მმართველობების წინააღმდეგ ბოიკოტი „წინასწარ განწირული მარცხია და ვერ შედგება“.
„ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ… რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.
მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად.
აქვე კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.
სტატუს-კვო:
ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმრობაშია. იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!
სხვა ოპოზიციონერების მოწოდებებს არ იზიარებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდში. „ქართული ოცნების“ დამარცხების გზებზე საუბრისას, გიორგი გახარიას პარტიაში ერთადერთ სწორ გამოსავლად არჩევნებში მონაწილეობა მიაჩნიათ“, – წერია კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის, განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელდა.
„ჩვენს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება. ჩვენთვის რეჟიმთან ბრძოლის გზა გადის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტის, არჩევნების გამოყენებით, რადგან, ვთვლით, რომ მშვიდობიანი ფორმის გამოყენება არის მნიშვნელოვანი… ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ არსებული ფაქტორები. ჩვენ ანგარიშვალდებულად ვთვლით თავს მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებთან“, – თქვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დიმიტრი ცქიტიშვილს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრიუსელის გზავნილების მნიშვნელობაზე საუბრობს, ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას მიანიჭებს და ამ პროცესში მონაწილე ნებისმიერ გაერთიანებას პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები სრულად მოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიქტატურა.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეცვლილია და ორიენტირებულია რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე!…
ევროპარლამენტის შეფასებით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო არ იძლევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას — არც საპარლამენტოსა და არც ადგილობრივის.
მოქმედ რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება არა ქართველი ხალხის ნების დასადგენად, არამედ არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს ამ სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ „ქართული ოცნება'”, – დაწერა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ფეისბუკზე“.
4 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა გარკვეული პირობებიც ჰქონდა. დაკავებულ ლიდერებს მისთვის შეწყალების თხოვნით უნდა მიემართათ და საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ.
ეს ნაბიჯი არც ერთ პარტიას არ გადაუდგამს.
ახლა კი ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რა გზას მიჰყვეს – არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს თუ არა. ამ ფონზე კი, მათ საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღეს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობის გამო მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები „არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად“.