მთავარიმსოფლიოNATOმარკ რუტე და ფრიდრიხ მერცი საუბრობენ საფრთხეებზე, რომლებიც რუსეთიდან და ჩინეთიდან მოდის

მარკ რუტე და ფრიდრიხ მერცი საუბრობენ საფრთხეებზე, რომლებიც რუსეთიდან და ჩინეთიდან მოდის

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს გერმანიის NATO-ში გაწევრების 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეხვდა. ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მათ რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს.

გერმანიის კანცლერმა რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტერორიზმი უწოდა.

„ისინი პრაქტიკულად მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს ესხმიან თავს. ეს არის ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და აღარაფერი აქვს საერთო სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ომთან“, – თქვა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხის განხილვა და ომში მყოფი ქვეყნისთვის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება.

„მსურველთა კოალიციასთან“ ვიდეოკონფერენცია გვექნება და კიდევ ერთხელ განვიხილავთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და დამატებითი მხარდაჭერის დეტალებს. კერძოდ, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებზე გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ასევე გერმანიის მხრიდან შესაბამის შეთავაზებებს გავაკეთებ“, – განაცხადა მერცმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა კი ყურადღება დაუთმო ჩინეთის საკითხს და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ცნობილია, თუ რა „ამბიციები“ აქვს ჩინეთს და რომ მათ ტაივანზე კონტროლის მოპოვება სურთ.

„როგორც ვხედავთ, ჩინეთი სწრაფად აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს. მათ აკვატორიაში ახლა აშშ-ზე მეტი გემი დაცურავს. 2030 წლისთვის კიდევ 100 გემი ეყოლებათ. ამასთანავე 1000 ბირთვული ქობინი აქვთ. ეს შეიარაღება პეკინს უბრალოდ აღლუმების მოსაწყობად არ სურს. ჩვენ ვიცით, რა ამბიცია აქვს ჩინეთს. ისინი ტაივანზე კონტროლის მოპოვებას ისახავენ მიზნად“, – განაცხადა მარკ რუტემ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სულ უფრო იზრდება ჩინეთის ტაივანზე თავდასხმის რისკი. მარკ რუტე იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სი ძინპინი პუტინთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend