მთავარიმსოფლიოკავკასიარუსეთის გარეშე - ბაქო და ერევანი ახალ ისტორიას წერენ

რუსეთის გარეშე – ბაქო და ერევანი ახალ ისტორიას წერენ

მოწინააღმდეგეობიდან მოკავშირეობამდე თითქმის ოთხი ათწლეული გავიდა. ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს რეალობაა და აბუ-დაბიში ხდება. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები იმის საჩვენებლად ჩავიდნენ, რომ სამშვიდობო პროცესის გზაზე უკან დახევას არ აპირებენ და ამ საქმეში შუამავლებიც არ სჭირდებათ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ  ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს მედიატორის გარეშე პირველად შეხვდნენ, რაც სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძველი კონფლიქტის ისტორიაში გარღვევად ფასდება.

„ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ორმხრივ სამიტზე. აზერბაიჯანი და სომხეთი მართლები არიან იმაში, რომ რუსეთის მედიატორობაზე უარს ამბობენ. რუსეთი გადატვირთულია მისი ომით უკრაინაში, რომელიც ჩაუვარდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი პროცესებიდან რუსეთის გამოთიშვას ნიშნავს”, – აღნიშნავს ევრონიუსთან ინტერვიუში „რეგიონული კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი.

პოსტკონფლიქტური გეოპოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში სიურპრიზებით აღმოჩნდა სავსე. თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი ცენტრალური მოთამაშე იყო, მისი დასრულების შემდეგ  ერევანი და ბაქო თანხმდებიან, რომ მოსკოვის ადგილი კავკასიაში აღარაა. აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ რეგიონული მედიები უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს წლის ბოლოსთვის, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასაც არ გამორიცხავენ. თავად ლიდერებს სამიტის შემდეგ არაფერი უთქვამთ, გარდა იმისა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო. ალიევმა და ფაშინიანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციაზე, ზანგეზურის დერეფნის გახსნასა და მის განვითარებაზე, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების სისრულეში მოყვანაზე. დაიგეგმა შეხვედრები ყველა დონეზე.

„აზერბაიჯანმა ომი ყარაბაღში 2020 წელს წამოიწყო. მთიანი ყარაბაღის სამხედრო გზით მოპოვებით კი, აჩვენა რუსეთზე უსაფრთხოებითი დამოკიდებულების  სიცარიელე. ამან აჩვენა, თუ რამდენად საშიშად არასაიმედო იყო რუსეთი. ვიტყოდი, ირონიულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იზიარებენ ერთსა და იმავე პოლიტიკას, დაუპირისპირდნენ მოსკოვს, რათა უკან დაახევინონ და გააძევონ რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან. უკრაინის ომიდან მიღებული მნიშვნელოვანი გაკვეთილი კი ისაა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სუსტი და არაკომპეტენტურია. ეს კი გაკვეთილია ყველასათვის, ვინც რუსეთის მეზობელია”,- ამბობს ანალიტიკოსი.

რა იქნება მოსკოვის პასუხი?  დანებდება თუ მოქნილობას გამოიჩენს? ევრონიუსთან საუბრისას რიჩარდ გირაგოსიანი არ გამორიცხავს, რომ ბაქოსა და ერევანში შესუსტებულმა რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნების სხვა გზას მიმართოს.

„გაბრაზებული და შურისმაძიებელი რუსეთი საკუთარ ბრაზს მომართავს ყველა მის მეზობელზე იმისათვის, რომ დაკარგული ძალაუფლება აღიდგინოს”, – ამბობს გირაგოსიანი.

ბაქო და ერევანი ახალ ისტორიას წერენ.  რუსეთისგან დისტანცირება და რეგიონში თურქეთის გაძლიერება კი იმ პროცესის ნაწილია, რომელიც სამხრეთ კავკასიის მომავალს ბევრი ათწლეულით განსაზღვრავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend