მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის პოლიციამ „ეროვნული გაერთიანების” მთავარი ოფისი დაარბია

საფრანგეთის პოლიციამ „ეროვნული გაერთიანების” მთავარი ოფისი დაარბია

ოთხშაბათს დილით, 9 ივლისს, საფრანგეთის ხელისუფლებამ ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინა გაჩხრიკა. ოპერაცია ფართომასშტაბიანი გამოძიების ნაწილია იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა პარტიამ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონები.

კერძოდ, პროკურორების თქმით, გამოძიება, რომელიც გასულ წელს დაიწყო, იკვლევს, დააფინანსა თუ არა „ეროვნულმა გაერთიანებამ“ კამპანიები ნაწილობრივ უკანონო სესხებით 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 12 ივლისამდე პერიოდში – მათ შორის, საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიის, საკანონმდებლო არჩევნებისა და 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების დროს.

პარტიის თავმჯდომარემ, ჟორდან ბარდელამ, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ ჩხრეკას 20 შეიარაღებული პოლიციელი და 2 გამომძიებელი მოსამართლე უძღვებოდა.

ბარდელამ ოპერაციას „უპრეცედენტო“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პოლიციამ, ბოლო წლებში კიდევ არაერთი პარტიის შტაბ-ბინა დაარბია, მათ შორის ცენტრისტულ-მემარჯვენე „რესპუბლიკელების“ და რადიკალურად მემარცხენე „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“.

„დღეს დილიდან, „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინა და მისი ლიდერების ოფისები, ჩხრეკის სამიზნეებად იქცნენ, რომელსაც ორი გამომძიებელი მოსამართლის თანხლებით, ფინანსური ბრიგადის დაახლოებით ოცი შეიარაღებული პოლიციელი აწარმოებდა.

ამოიღეს წამყვანი ოპოზიციური პარტიის ყველა ელექტრონული ფოსტა, დოკუმენტი და საბუღალტრო ჩანაწერი, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა საჩივრები ედო საფუძვლად ამ ქმედებას.

ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ პარტიის ბოლოდროინდელ რეგიონულ, საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და ევროპულ კამპანიებთან დაკავშირებული ყველა მონაცემი – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მთელი საარჩევნო აქტივობა – ახლა სასამართლოს ხელშია.

ეს სანახაობრივი და უპრეცედენტო ოპერაცია აშკარად ახალი შევიწროების კამპანიის ნაწილია. ეს არის სერიოზული თავდასხმა პლურალიზმსა და დემოკრატიულ ცვლილებებზე.

მეხუთე რესპუბლიკის დროს, არცერთი ოპოზიციური პარტია არასდროს გამხდარა ასეთი დაუნდობელი დევნის მსხვერპლი“, – წერს ჟორდან ბარდელა.

საფრანგეთის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ოფისმა, გასული წლის ბოლოს პარტიისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ბარდელამ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის კამპანიის დასაფინანსებლად 225 პირისგან 4 მილიონზე მეტი ევრო ისესხა.

ბარდელამ ამ არჩევნებში „ეროვნულ გაერთიანებას“ დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა, რითაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბანაკი იმდენად დაასუსტა, რომ მას პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწია.

„ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინის ჩხრეკა – ევროპული პროკურატურის მიერ ევროპარლამენტში ამჟამად გაუქმებული „იდენტობისა და დემოკრატიის“ ჯგუფის მიერ თანხების სავარაუდო ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას მოჰყვა. სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანებაც“.

პარალელურად, პარტიის ყველაზე ცნობადი წევრი, მარინ ლე პენი, ჯერ კიდევ ცდილობს, იპოვოს საფრანგეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების გზა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი ევროპარლამენტის თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრა.

ლე პენი, რომელიც თავს უდანაშაულოდ აცხადებს, საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩარევას ითხოვს.

იგი მარტის სასჯელის გაუქმებას ისახავს მიზნად, რათა 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოს, რაც საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად მისი მეოთხე მცდელობა იქნება. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, რადიკალური მემარჯვენე პარტიის ლიდერმა ალტერნატიულ გეგმაზე უკვე იფიქრა. თუ მარინ ლე პენი, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ შეძლებს, „ეროვნული გაერთიანების” საარჩევნო ბანერებზე – მის მოწაფესა და მემკვიდრეს – ჟორდან ბარდელას ვიხილავთ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:07

„აფრიკული ლომი 2025“

spot_imgspot_img
Send this to a friend