საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა.
დღეს, 8 ივლისს, დაიკითხა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 4 მოწმე. მათ შორის იყო პოლიციელი სანდრო ლოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 3 დეკემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, სადაც ე.წ. პულვერიზატორის ბოთლის მოხვედრის შემდეგ კეფა დაუზიანდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ის ამბობს, რომ ვინ ისროლა მისკენ ნივთი, არ დაუნახავს.
ანალოგიური პასუხი ჰქონდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელ ნუგზარ მირიანაშვილსაც. მან განაცხადა, რომ მომიტინგეები ისროდნენ სხვადასხვა ნივთსა და პიროტექნიკას. მისი თქმით, გასროლილმა პიროტექნიკამ ფეხი დაუზიანა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიდევ ერთი მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხა, იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჭანტურაია, რომელმაც საპროტესტო აქციების დროს მიყენებულ თანხობრივ ზარალზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ზარალი 62 785 ლარია. მისი განცხადებით, საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ, დაუზიანდათ აღჭურვილობა, სახანძრო და სამაშველო ტექნიკა. ასევე მან თქვა, რომ დაზიანებულია საგანგებო სიტუაციების მართვის 12 მანქანა, თუმცა ქმედების ჩამდენი პირები ვერ დაასახელა.
ბოლო მოწმე დღეს, 8 ივლისს, იყო გამომძიებელი ირაკლი გველესიანი, რომელმაც მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ევალებოდა ვიდეოს დათვალიერება, რომელშიც უნდა აღმოეჩინა ბრალდებულები ინსაფ ალიევი და თორნიკე გოშაძე, რაც მისი თქმით, შეძლო.
მოწმეების მიერ მონაყოლს დაცვის მხარე სარწმუნოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ბრალდების მხარის წარმომადგენლები ვერ წარადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლებიც დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავკითხეთ დაზარალებული ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც განაცხადა, რომ კეფაში უკნიდან მოხვდა ე.წ. პულვერიზატორი, რომელიც იყო რაღაც კონკრეტული მსუბუქი ლითონის კონსტრუქციით. მან აღნიშნა, რომ ის იყო ცარიელი და არ იყო რამე მძიმე საგანი მასში. კონკრეტულად ვისგან მოხვდა, ვერ დაასახელა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროცესზე, ვერცერთი დაზარალებული პოლიციელი კონკრეტულად ვერ ასახელებს, თუ რომელი ბრალდებულისგან იყო აღნიშნული ქმედება გამოწვეული.
ასევე დაიკითხა ირაკლი გველესიანი, გამომძიებელი, რომელმაც ვიდეო დაათვალიერა და საინტერესო არის ის, რომ გამომძიებელმა თავისი ინტერპრეტაციით გადაწყვიტა, კონკრეტული მონაკვეთი ამოეჭრა მხოლოდ და მხოლოდ”, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.
„არც დღეს და არც წარსულში, არცერთ პროცესზე ზვიად ცეცხლაძის მიმართ მამხილებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი. არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზვიად ცეცხლაძის მიერ თითქოსდა ორგანიზებული ჯგუფის დაორგანიზებას, შესაბამისად, არც დღევანდელი სხდომა ყოფილა გამონაკლისი”, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატების გარდა კომენტარი მედიასთან ბრალდების მხარეს, ანუ პროკურორებს არ გაუკეთებიათ.
დღევანდელი სხდომა მედიამ კვლავ ვერ გადაიღო, რადგან 2025 წლის 30 ივნისიდან „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ახალი წესი ამოქმედდა და სასამართლოში ვიდეოგადაღება შეიზღუდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთი მიმართვის მიუხედავად ჟურნალისტებისთვის სასამართლო სხდომების გადაღების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია.
ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიც და მათი უფლებადამცველებიც პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.