ორი პოზიცია ერთ კვირაში. კრიტიკული შეიარაღების მიწოდების შეჩერების შემდეგ დონალდ ტრამპი კვლავ უკრაინის აუცილებელ მომარაგებაზე საუბრობს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბევრისთვის გაუგებარია, კიევისთვის კი სასიხარულო. ომში მყოფი ქვეყნისთვის მეტი იარაღის მიწოდებაში დონალდ ტრამპი სავარაუდოდ შეჩერებულ პატრიოტებსაც გულისხმობს, თუმცა არა საკუთარი მარაგებიდან. შესაძლოა ამ საქმეში ვაშინგტონმა ბერლინი დაიხმაროს. გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას ტრამპი მას 10 ასეთი სისტემის მყისიერ გადაცემას დაჰპირდა.
„ვცდილობთ, გადავჭრათ იმ მონსტრის პრობლემა, რომელიც ბაიდენმა შექმნა – ვსაუბრობ იმაზე, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ხდება. ეს საშინელებაა და სულაც არა ვარ ბედნიერი პუტინის ნაბიჯებით. ეს არასოდეს მოხდებოდა ჩემს პირობებში. და თუ მე შემიძლია დავასრულო ომი, იმიტომ რომ ამის უნარები მაქვს. მე იმედგაცრუებული ვარ, გულწრფელად იმის გამო, რომ პუტინი არ შეჩერდა. ჩვენ ვგეგმავთ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნას. ასე უნდა მოვიქცეთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ, ძალიან ძლიერ. დიახ, ჩვენ პირველ რიგში თავდაცვით იარაღს გავგზავნით, მაგრამ ისინი ძალიან დიდ დარტყმებს იღებენ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
პენტაგონში კი ჯერ კიდევ გასულ კვირას საუბრობდნენ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პატრიოტი თუ ზუსტი დამიზნების არტილერია კიევისთვის შეჩერდებოდა – მიზეზად საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი მარაგების გაფრთხილება დასახელდა. ჩანს, რომ მიუხედავად გზავნილებისა თეთრი სახლის პოზიციების მიმართ უნდობლად იყვნენ განწყობილები კრემლში. პუტინთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ პირველადი მიზნებისთვის ბრძოლა უნდა განაგრძონ, იმის მიუხედავად, თუ რას ამბობდნენ თეთრ სახლში გასულ კვირას და რას ამბობენ დღეს.
„საბოლოო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იარაღის მიწოდება შეჩერებულია, მაინც არ არსებობდა. დამეთანხმეთ, რომ იქ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება იყო. ნათელია, რომ შეიარაღების მიწოდება გრძელდება, ეს გვესმის. ნათელია ისიც, რომ ევროპელებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინის იარაღით აღჭურვაზე. ეს ქმედებები არ ზის სამშვიდობო რეგულირების პათოსში. რაც შეეხება აშშ-სა და იმას, თუ რა სახეობისა და რა რაოდენობის შეიარაღების მიწოდება გრძელდება უკრაინაში აშშ-ს მხრიდან – აქ დაგვჭირდება დრო, რომ ეს საბოლოოდ გავარკვიოთ, ჯერ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა. პირობითად, ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-ს, უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მცდელობას, მათი მხრიდან პირდაპირი მოლაპარაკებების ინიციირებას, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის არის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის უდიდესი შესაძლებლობები. თუმცა ამჟამად ვიცით, რომ აშშ რეალიზებას უწევს გარკვეულ შეზღუდვებს, ეს სანქციები უკანონოა და აზიანებს როგორც ჩვენ, ისე თავად ამერიკელ მეწარმეებს”, – ამბობს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
სანქციებზე კრემლში შემთხვევით არ საუბრობენ, ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტის პარალელურად დასავლური სამყარო, მათ შორის აშშ-ის მონაწილეობით, მოსკოვისთვის უმძიმესი შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადება, რადგან ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილება თეთრ სახლშიც ნათელი გახდა. საფრანგეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ეს ომის დაწყების დღიდან ყველაზე სერიოზული სასანქციო დარტყმა იქნება მოსკოვისთვის. რუსი კოლეგით იმედგაცრუებული დონალდ ტრამპი ღრმადაა დარწმუნებული, რომ უკრაინას ისრაელზე ნაკლებად არ ეხმარება. ამასთან უკრაინა აშშ-სთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდა.
„ჩვენ ძალიან დეტალური დისკუსია გვქონდა დრონებთან დაკავშირებით. ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ იმ დრონების წარმოება, რომლებიც ფრონტის ხაზზე გვეხმარება. ჩვენ მზარდად ვართ დამოკიდებული დრონებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რათა რუსეთს უკან დავახევინოთ. ვაგრძელებთ მუშაობას საჰაერო დარტყმების საპასუხოდ. ყველაფერი, რაც საჰაერო თავდაცვასთანაა კავშირში, ჩვენი პრიორიტეტია. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვავსებთ იმ ხვრელებს, რომლებიც დრონების წარმოებაში არსებობს. ამასთან, ვმუშაობთ პარტნიორებთან, კერძოდ, ამერიკასთან კონკრეტული გადაწყვეტილებების თვალსაზრისით მათ შორის პატრიოტებისა თუ რაკეტების მიმართულებით. მსგავსი შინაარსის შეხვედრა გვექნება იტალიურ მხარესთანაც”, – აღნიშნა ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პარალელურად რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმას სულ უფრო ინტენსიურს ხდის. მხოლოდ ორშაბათს, 7 ივლისს, ქვეყანაზე განხორციელებულ შეტევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 80 დაშავდა. უკვე დღეს, 8 ივლისს, დაარტყეს ხარკივსაც. ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირას მსურველთა კოალიციასთან შესახვედრად ემზადება.