მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ „მერკოსურის“ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ „მერკოსურის“ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზრის „მერკოსურის“ მონაცვლეობითი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

მან პირობა დადო, რომ სამხრეთ ამერიკულ ბლოკსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე შედგება.

„დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებებს ევროკავშირსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თავისუფალ ვაჭრობის ზონას შექმნის“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

საბოლოო შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, რომელიც 2024 წლის ბოლოს გამოცხადდა, ევროკავშირსა და „მერკოსურს” შორის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება, რომელიც 700 მილიონზე მეტ ადამიანს გააერთიანებს და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 25%-ს შეადგენს.

თუმცა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები შეთანხმების უპირატესობებში. ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის კი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა და ევროპარლამენტის დასტურია საჭირო.

ეს უთანხმოება გამოჩნდა მერკოსურის სამიტზეც, სადაც და სილვამ და არგენტინის ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ერთმანეთს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებები ნათლად გამოხატეს. თავიანთ გამოსვლებში, პრეზიდენტებმა დამსწრე საზოგადოებას ბლოკის პოზიციასთან დაკავშირებით ცალსახად დაპირისპირებული ხედვები გაუზიარეს.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მერკოსურის აღქმა, როგორც ფარის, რომელიც მსოფლიოსგან დაგვიცავს. ის უნდა აღვიქვათ, როგორც იარაღი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიჭრათ გლობალურ ბაზრებზე, რომელთაგანაც აქამდე სავაჭრო ბარიერები გვაშორებდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და ბლოკის პარტნიორები ამჯობინებენ ჩვენთვის წარუმატებელ გზაზე სვლას, მაშინ მოგვიწევს დაჟინებით მოვითხოვოთ პარტნიორებთან არსებული შეთანხმებების პირობების შესუსტება. სხვებთან ერთად თუ მარტო, ჩვენ თავისუფლების გზას დავადგებით, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, არგენტინა არ მოიცდის“, – განაცხადა ხავიერ მილეიმ.

არგენტინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ბლოკი მის მიერ შეთავაზებულ გზას არ აირჩევს, არგენტინა თავისუფლების გზას მარტო დაადგება. ხოლო, და სილვამ განაცხადა, რომ მერკოსურში ყოფნა, მის წევრებს მსოფლიოში მიმდინარე სატარიფო ომისგან იცავს.

მან ასევე მიუთითა, რომ ბრაზილიის ხელმძღვანელობა ყურადღებას გაამახვილებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაზეც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში, რომლის არსებობასაც მილეი უარყოფს.

განსხვავებების მიუხედავად, სამიტის დასკვნით კომუნიკეში ხაზგასმული იყო პარტნიორებს შორის არსებული საერთო ღირებულებები და მიზნები, როგორებიცაა თანამშრომლობის გაძლიერება „ნარკოდანაშაულისა და მიგრანტებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ რაც ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად არის მომართული“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend