რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასრულება არის ევროკომისიის ახალი სტრატეგიის – „ევროკავშირის ენერგეტიკული განახლების” (RepowerEU Roadmap) მიზანი, რომელიც ევროკავშირმა გზამკვლევის სახით წარადგინა. ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ცნობით, ეს გზამკვლევი ევროკავშირს დაეხმარება, უფრო სწრაფად გაიაროს ენერგეტიკული გარდაქმნის ეტაპიც, თუმცა საინტერესოა, რა დაბრკოლებები დგას ახალი სტრატეგიის გზაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ევრონიუსმა“ სცადა.
ევროპამ უკვე დაიწყო რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი გააჩაღა 2022 წელს. ომს ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მოჰყვა და ევროკავშირმა შეამცირა მათი იმპორტი. ნავთობის იმპორტის მოცულობა 27 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დავიდა, ბუნებრივი აირისა კი – 45-იდან 19 პროცენტამდე. ქვანახშირი, რომელიც იმ დროისთვის ევროკავშირის მოხმარების 50%-ს შეადგენდა, სანქციებით მთლიანად აიკრძალა. ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს ახლა სურს, რომ 2027 წლამდე საერთოდ უარი თქვას რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე.
მაინც რა კავშირია რუსულ საწვავზე დაწესებულ სანქციებსა და და ევროკავშირის ახალი სტრატეგიის გზამკვლევს შორის?
„მათ შორის კავშირი არის, თუმცა ეს სტრატეგია მაინც განსხვავებულია,“ – ამბობს ხორხე ლიბორერო, რომელიც ახალ სტრატეგიის საკითხს „ევრონიუსისთვის“ აშუქებდა. „სანქციები არის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც ძირითადად იმ შემოსავლის შეკვეცას ემსახურება, რომელსაც რუსეთი იღებს და უკრაინაში აგრესიული ომის წარმოებისთვის იყენებს. გზამკვლევის მთავარი მიზანი კი არის, დაასრულოს რუსულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება. ასე რომ, ორივეს ერთი ლოგიკა აქვს, მაგრამ გზამკვლევი მოიცავს ვაჭრობისა და ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებს. და იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის არ მოითხოვს ისეთივე ერთსულოვნებას, როგორსაც სანქციები“.
ევრობლოკი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ცდილობდა მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებას და აშშ-დან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდაც განიხილება ერთ-ერთ ვარიანტად. თუმცა არსებობს რისკი, რომ ევროკავშირი ბუნებრივი აირის მიღების კუთხით ახლა ამერიკაზე არ გახდეს დამოკიდებული, რომელთანაც სავაჭრო ომი მიმდინარეობს.
„არსებობს ახალ ხაფანგში გაბმის საფრთხე. როდესაც ვცდილობთ, ერთი დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას, ეს სხვაზე დამოკიდებულების ფასად არ უნდა მივიღოთ,“ – განმარტავს ცვეტელინა პენკოვა, ბულგარელი ევროპარლამენტარი და მრეწველობის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. „პრინციპში, დივერსიფიკაცია და რისკის შემცირება იმას ნიშნავს, რომ მეტი მომწოდებელი უნდა გვყავდეს, რათა ყველა კვერცხი ერთ კალათში არ ჩავაწყოთ. მაგალითად ერთ ქვეყანას დავასახელებ, რომელმაც დახმარება შემოგვთავაზა, როდესაც ომის დაწყებისას ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული გზა გვჭირდებოდა. ეს აზერბაიჯანი იყო. მათ პირველებმა შემოგვთავაზეს ბუნებრივი აირის მოწოდების მოცულობის გაზრდა ევროკავშირისთვის და ამის გამო თითქმის გააორმაგეს საკუთარი წარმოება, რათა ევროკავშირის გაზრდილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ“.
„ევროკავშირის ენერგეტიკული განახლების“ (Repower EU) გზამკვლევი გამოდის ინიციატივით, რომ 2025 წლის ბოლომდე აიკრძალოს ბუნებრივი აირის იმპორტზე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტები – ეს ეხება როგორც გაზსადენით, ისე გათხევადებული სახით მოწოდებულ იმპორტს. აიკრძალოს ასევე მსგავსი ტიპის ბუნებრივი აირის იმპორტის გრძელვადიანი კონტრაქტები 2027 წლის ბოლომდე, ახალი შეზღუდვები დაწესდეს ურანის, გამდიდრებული ურანისა და სხვა ტიპის ბირთვული მასალების იმპორტზე მისი თანდათან შემცირების მიზნით; არ დაიდოს რუს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტები, რომლებზეც ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობის ე.წ. ევროატომის მოწოდების სააგენტო (Euratom’s Supply Agency) მოაწერს ხელს. ამის შედეგად ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაახლოებით მესამედი დაზარალდება. რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა. რუსულ ნავთობს მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყენებენ. ბირთვულ მასალებსა და მომსახურებას კი შვიდი ქვეყანა იღებს.
ანალიტიკოსების აზრით, თუ ევროკომისია რუსეთთან დადებულ კონტრაქტებს გააუქმებს, ამ სექტორში ჩართულ კომპანიებს შესაძლოა სასამართლო დავებში მოუწიოთ ჩართვა და ჯარიმების გადახდაც.
„რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან რუსულ კომპანიებთან, როგორც წესი, იდება გრძელვადიანი კონტრაქტები, რომლებიც მრავალ წელზეა გათვლილი,“ – ამბობს ხორხე ლიბერერო. „და თუ კონტრაქტს დაარღვევ, ჯარიმაც უნდა გადაიხადო. ევროკომისია კი ამბობს ახლა, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე აკრძალვის დაწესების შემდეგ, კომპანიებს მყარი საფუძველი ექნებათ, აამოქმედონ ფორსმაჟორული ვითარების მუხლი, რომელიც კომპანიებს – იმავე კლიენტს, საშუალებას აძლევს, კონტრაქტი ჯარიმის გადახდის გარეშე დაარღვიოს, რადგან შეიქმნა ისეთი ვითარება, რომელიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება“.
რუსულ ენერგორესურსებზე ეტაპობრივად უარის თქმა რომ რეალობად იქცეს, ენერგომომარგების ბალანსში ბირთვული ენერგიის წილი უნდა გაიზარდოს, – ასე ფიქრობს ევროპარლამენტის მრეწველობის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცვეტლანა პენკოვა.
„როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკულ სტაბილურობასა და ფასების პროგნოზირების შესაძლებლობას, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საჭიროა ენერგომომარაგების წყაროების კარგი ბალანსი,“ – განმარტავს პენკოვა. „ ეს ნიშნავს განახლებადი ენერგიისა და საბაზისო სიმძლავრის წონასწორობას. ნამდვილად მიხარია, რომ ბირთვული ენერგიის შენახვისადმი დამოკიდებულება ევროპაში ახლა დადებითისკენ იცვლება, რადგან ჩვენი ენერგოსისტემის სტაბილურობისთვის აუცილებელია საბაზისო სიმძლავრე და ამის უზრუნველყოფის ერთადერთი წყარო, რომელშიც ევროკავშირმა ინვესტიცია უნდა ჩადოს მომავალში, არის ბირთვული ენერგია“.
ევროკომისიაში ამბობენ, რომ სურთ, შეწყვიტონ კრემლის ომის ბიუჯეტის შევსება, რომელშიც 2024 წელს 23 მილიარდი ევრო შეიტანა ბრიუსელმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისიც კი თქვა, რომ რუსულ საწვავს სამუდამოდ უნდა ეთქვას უარი. თუმცა ზოგიერთ წევრ ქვეყანას ისევ სურს რუსეთთან ბიზნესის აღდგენა ომის შემდეგ, რათა ენერგორესურსებზე ფასები შემცირდეს. ევროკავშირი ბეწვის ხიდზე გადის, რათა დაიცვას ეკონომიკა და თან უზრუნველყოს უსაფრთხოება.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა