დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო ზარისთვის ემზადებიან. საუბრის თემა აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილებაა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ კიევი ვაშინგტონისგან პატრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და ზუსტი დამიზნების ზოგიერთ საბრძოლო შეიარაღებას ვეღარ მიიღებს. პენტაგონი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ საკუთარ სამხედრო მარაგებზე აქვს საზრუნავი, თუმცა სხვა შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის განაგრძობს.
„თეთრ სახლში ნათლად ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ემსახურება. ეს კი მას შემდეგ, რაც განიხილეს ჩვენ მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო დახმარება. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სიძლიერე კითხვების გარეშე რჩება. თუ გსურთ ამის შესახებ ირანს ჰკითხეთ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო კი აგრძელებს პრეზიდენტისთვის მტკიცე შეთავაზებების გაზიარებას, რომლითაც უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს. აშშ-ის ძალების სამხედრო მზაობის პრიორიტეტების პარალელურად, დეპარტამენტი აგრძელებს ამ მიზნისკენ სწრაფვას”, – აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
დონალდ ტრამპის ესმის ნატოს გენერალურ მდივანს. მარკ რუტე თვლის, რომ ვაშინგტონი საკუთარ ინტერესებს სწორად აყენებს წინ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაც აშშ-ის ინტერესშია. ამიტომ წყნარი ოკეანის ორივე მხრიდან ერთობლივი მუშაობის იმედი აქვს. ცნობილია, რომ ევროპისგან 35 მილიარდიან დახმარებას უკრაინა წლის განმავლობაში მიიღებს. ამის პარალელურად კი მოკავშირეები საკუთარი თავდაცვითი ხარჯების 5%-მდე ზრდის პროექტზე იმუშავებენ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიწუნა. სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ამით ნატოს კოლაფსი გარდაუვალია.
„თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდა იყო უდიდესი გამარჯვება, საბოლოოდ ევროპაც იმდენს გადაიხდის, რამდენსაც აქამდე აშშ იხდიდა. ეს დისკუსია ეიზენჰაუერის დროიდან მოდის, ჩვენ ამას ვაკეთებთ ნატოს გაძლიერებისთვის, რადგან ვიცით, რომ რუსული საფრთხე რეალურია. ლავროვს რაც შეეხება, ის, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს შობიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, არა? და მას შემდეგ მისი პირიდან სასარგებლო არაფერი თქმულა. ამიტომ ბატონ ლავროვს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. ეს არაა მხოლოდ ევროპული ომი, უკრაინის მიმართ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიაში მას ეხმარება ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა.
ნუ ვიქნებით მიამიტები, რუსეთი იხდის ამ მხარდაჭერისთვის, ჩრდილოეთ კორეა მისგან იღებს შორი მოქმედების სარაკეტო ტექნოლოგიებს, რაც ჩრდილოეთ კორეას კიდევ უფრო დიდ საფრთხედ აქცევს. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, სულ რომ არაფერი ვთქვათ ირანზე, რომელიც ამ ომში დრონებითაა წარმოდგენილი”, – ამბობს მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი.
სერგეი ლავროვი პოლონელი კოლეგის ციტატას პასუხობდა, როდესაც ნატოს ხარჯებით დაინტერესდა. კერძოდ, რადოსლავ სიკორსკიმ მანამდე თქვა, რომ რუსეთი სამხედრო შეიარაღების ახალ შეჯიბრებაში კრახისთვის იყო განწირული. ლავროვს არ მოეწონა.
„თუ ასეთი წინასწარმეტყველია, ალბათ, იმასაც ხედავს, რომ ნატოს ქვეყნების ბიუჯეტიდან თავდაცვის ხარჯების კატასტროფული ზრდა ამ ორგანიზაციას კრახამდე მიიყვანს, რუსეთი კი, როგორც გასულ დღეებში პრეზიდენტმა ევრაზიული კავშირის სხდომაზე განაცხადა მინსკში, გეგმავს საკუთარი სამხედრო ხარჯების შემცირებას. ხელმძღვანელობს საღი აზრით და არა გამოგონილი და თითიდან გამოწოვილი მუქარით, როგორც ამას ნატოს წევრი სახელმწიფოები აკეთებენ, მათ შორის რადოსლავ სიკორსკი”, – თქვა მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
საღი აზრი რუსეთსა და ნატოს ქვეყნებში განსხვავებულად ესმით. მოკავშირეებს საღი აზრი ეუბნება, რომ უკრაინასთან ომში ახლა გადაღლილი რუსეთი უკვე ხვალ ნატოს ტერიტორიებს ამოიღებს სამიზნეში და ეს დაახლოებით 5 წელიწადში მოხდება. გერმანიის დაზვერვა იმასაც არ გამორიცხავს, რომ მანამდე რუსეთი ნატოს გამოცდას ე.წ. მწვანე კაცუნების ტაქტიკით მიმართავს, როგორც ეს უკრაინაში იყო. ალიანსი ყველანაირი სცენარისთვის ემზადება. თუმცა გეგმა ა უკრაინის გაძლიერებაა ისე, რომ მან რუსეთთან ომში ყველა საჭირო დახმარება მიიღოს.