მთავარისაქართველოგასული რვა თვეში პარლამენტში და ათობით კანონი

გასული რვა თვეში პარლამენტში და ათობით კანონი

გასული 8 თვის განმავლობაში საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფაქტობრივად ერთპარტიულ პარლამენტში ათობით კანონი მიიღეს დაჩქარებული წესით, საჯარო განხილვის გარეშე. მათ შორისაა, ამერიკული FARA-ს ქართული ვერსია, მედიის რეგულირებისა და კონტროლის, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონებში ცვლილებები, რაც გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციების მკაცრ კონტროლს უკავშირდება. ამ კანონებს, მმართველი პარტიის გარდა ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია რეპრესიულსა და ანტიდემოკრატიულს უწოდებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არც ერთი კანონი არადემოკრატიული არ არის და ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. იმის მიუხედავად, რომ თავად ევროკავშირში ამბობენ, რომ ამ კანონებს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.

„ისეთი არც ერთი კანონი არ მიღებულა, რომელიც ზუსტად, სიტყვა-სიტყვით ან შინაარსით არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. გამჭვირვალეობის თემა ავიღოთ თუნდაც. განა ეს არ არის ევროპული მოთხოვნა, რომ შავი ფული არ შემოდიოდეს ქართულ პოლიტიკაში? მედიის კანონები ავიღოთ, რომლებიც ბრიტანულიდანაა გადმოღებული. ისეთი ლიბერალური თავისუფლებაა სიტყვის, რომ ვისაც რაც უნდა, იმას ლაპარაკობს. არასდროს ამ 13 წლის განმავლობაში საქართველოს არ გადაუხვევია იმ გზიდან, რასაც ჰქვია ევროატლანტიკური კურსი. უბრალოდ გარკვეულ ბიუროკრატთა წრე გვიპირისპირდება“, – აცხადებს ვოლსკი.

„ქართული ოცნების“ კანონშემოქმედებას აფასებს სამოქალაქო სექტორი, რომელიც ამ კანონთა უმრავლესობის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი ფიქრობს, რომ ამ კანონების მიღებისა და აღსრულების საბოლოო მიზანი ერთპარტიული, ტოტალიტარული სტილის მსგავსი მმართველობის მიღწევაა. თუმცა შეჯამებისას ამბობს, რომ ფინალში ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები დაზარალდებიან.

„ყველა იმ კანონს, რომლებიც ბოლო დროს არის მიღებული, ძირითადად აერთიანებს ორი რამ. პირველი – ისინი არის მიმართული ადამიანების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. მეორე ის არის, რომ საზოგადოება ვეღარ გაერთიანდეს რაიმე მიზნის გარშემო, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. განსაკუთრებით, ბოლო დროს მიღებული კანონები ავტორიტარულიც აღარ არის. ეს უფრო ტოტალიტარული ხასიათის შეზღუდვებია, რომლებიც ჩვენ ისტორიულად გვახსოვს გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში, საბჭოთა რუსეთის მხრიდან.

როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონების რუსულ მიზნებზე, ნიშნავს, რომ ერთნაირი კანონი შესაძლოა მიიღოს როგორც დემოკრატიულმა, ისე ტოტალიტარულმა სახელმწიფომ. მთავარია, შინაარსი და აღსრულება როგორ ხდება, ანუ ვის ხელში როგორ მოხვდება. ამ შემთხვევაში, კანონები კი არ არის არადემოკრატიული, არამედ მისი შინაარსი და აღსრულებაა შეუთავსებელი დემოკრატიასთან, რაც სახელმწიფოსაც არადემოკრატიულად მოაწყობს. თუმცა ამ კანონების ძალა არის შეზღუდული. ის იქამდე იქნება ძლიერი, სადამდეც მოვუშვებთ.

„ქართულ ოცნებას“ რომც დასცალდეს რაღაც პერიოდით ასეთი ავტორიტარიზმი, თუ პროტესტი იარსებებს, ახალი ტალღა აუცილებლად წამოვა და საბოლოოდ ისევ მათთვის იქნება უფრო დამაზიანებელი. მე ამის ღრმად მწამს“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.

ევროსტრუქტურების ზოგადი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა კანონებმა საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამ კანონების ნაწილი უკვე აღსრულების პროცესშია, ნაწილი კი ეტაპობრივად შედის ძალაში. უცნობია, რა მასშტაბით ამოქმედდება ეს შეზღუდვები და რა გავლენას იქონიებს ყველა იმ დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობასა თუ არსებობაზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ევროპული სტანდარტებით ცხოვრების დამკვიდრებაზეა ორიენტირებული.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend