მთავარიევროპაუნგრეთიდანია უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის უფლებას ითხოვს

დანია უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის უფლებას ითხოვს

ბლოკის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო დანია უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სამართლებრივი ზომების სრული არსენალის ამოქმედებას ითხოვს. კოპენჰაგენი მათ შორის, მე-7 მუხლის, ე.წ. „ბირთვული მექანიზმის“ გამოყენებასაც განიხილავს, რაც ბუდაპეშტისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.

მე-7 მუხლი ევროკავშირის ხელშეკრულების პუნქტია, რომელიც სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, კენჭისყრის მეშვეობით სანქციები დაუწესონ, ან ხმის მიცემის უფლება დროებით ჩამოართვან წევრ ქვეყანას, იმ შემთხვევაში თუ იგი ბლოკის ძირითად წესებს არღვევს.

ამ მუხლის ამოქმედების შემთხვევაში ბუდაპეშტი ვეღარ შეძლებს, გამოიყენოს ვეტოს დადების უფლება გაერთიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე – როგორებიცაა, მათ შორის ბლოკში უკრაინის გაწევრება.

როგორც ევროპის საკითხებში დანიის მინისტრი მარი ბიერი აცხადებს, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში კოპენჰაგენი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, რათა წინ წაწიოს ბლოკის გაფართოების პროცესი.

„ეს მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის, ეს მნიშვნელოვანია მათი ბრძოლისთვის რუსეთის წინააღმდეგ. მათ სჭირდებათ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა და ჩვენ ამ შესაძლებლობას არ დავუკარგავთ. ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მაქსიმალურ ზეწოლას მოვახდენთ უნგრეთზე. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით, რათა წინ წავწიოთ უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებები. თუ გაფართოების მხრივ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, შესაძლოა ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი დავკარგოთ“, – განაცხადა მარი ბიერმა, დანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში დანიის თავმჯდომარეობის პერიოდი მისი წინამორბედის, პოლონეთის მსგავსი იქნება. თუმცა დაპირებების მიუხედავად უკრაინისა და მოლდოვის ბლოკში გაწევრების პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარება ვარშავამ ვერ შეძლო. ორივე კანდიდატი ქვეყანა ჯერ კიდევ ელის მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, რომელიც გაერთიანების ფუნდამენტური ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

შეფერხების მთავარი მიზეზი ვიქტორ ორბანია და მისი მტკიცე გადაწყვეტილება, არ დაუშვას ევროპული ინტეგრაციის შესახებ კიევის ამბიციების აღსრულება. საკუთარი პოზიციის განმტკიცების მიზნით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ბლოკში პოტენციურ გაწევრებასთან დაკავშირებით თანამოქალაქეების მოსაზრებებიც კი გამოიკვლია. ორბანის თანახმად, კვლევაში ჩართული 2 მილიონზე მეტი მონაწილის 95% ევროკავშირში უკრაინის მიღების წინააღმდეგია.

სწორედ ამ კვლევის შედეგებით გაამართლა ვიქტორ ორბანმა საკუთარი პოზიცია გასული კვირის ევროკავშირს სამიტზეც და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ „თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ომობს, მაშინ ომობს ევროკავშირიც და ეს უნგრელებს არ მოსწონთ”.

მის განცხადებას მოჰყვა რეაგირება ევროკომისიის მხრიდან. მათი თქმით, უკრაინის ბლოკში გაწევრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ობიექტური მიზეზები არ არსებობს, რადგან ომით დაზარალებულმა ქვეყანამ საჭირო რეფორმებიც მიიღო და მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

მიუხედავად დანიის მტკიცე პოზიციისა, მას მე-7 მუხლის ამოქმედებისთვის საკითხზე შესაბამისი ერთობა ამ დროისთვის არ აქვს, რაც პარიზისა და ბერლინის მხრიდან სრულ მხარდაჭერას საჭიროებს.

ხოლო, ვინაიდან უნგრეთი კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის გაწევრებას, არსებობს ვარაუდი, რომ ევროკომისიამ შესაძლოა კიევისა და კიშინიოვის გაწევრების პროცესი ცალ-ცალკე განიხილოს და უახლეს დღეებში ოფიციალურად გახსნას მოლაპარაკებების პირველი ეტაპი მოლდოვასთან.

თუმცა, როგორც მარი ბიერი აცხადებს, დანია არ არის მზად ორი წევრობის კანდიდატის გასაყოფად და განმარტავს, რომ მათი მიზანი კვლავ მოლდოვასა და უკრაინასთან, ორივე სახელმწიფოსთან, გაწევრების პროცესის თანაბრად დაჩქარებაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend