მთავარიმსოფლიოკავკასიანიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დუბაიში შეხვედრას გეგმავენ

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დუბაიში შეხვედრას გეგმავენ

ივლისის მეორე ნახევარში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს დუბაიში შეხვდებიან – ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე სხვადასხვა მედიაწყარო ავრცელებს.

ამ შეხვედრას წინ უძღვის ივნისის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ვიზიტი ანკარაში, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილჰამ ალიევი, ერთი დღის შემდეგ კი ნიკოლ ფაშინიანი მიიღო.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობები, რომ სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ბაქოს ნახიჩევანის ექსკლავთან და, შესაბამისად, თურქეთის საზღვართან დაკავშირებას. იდეა განხორციელების შემთხვევაში ქმნის დამატებით მარშრუტს ევროპასა და აზიას შორის. თუმცა ბაქო მუდმივად ეწინააღმდეგებოდა კორიდორზე, რომელმაც აზერბაიჯანის დანარჩენი რეგიონები ნახიჩევანის ექსკლავს უნდა დააკავშიროს, სომხური სასაზღვრო პუნქტების განთავსებასა და სომხეთის მხრიდან ტვირთების კონტროლს.

ანალიტიკური ორგანიზაცია კარნეგის ფონდის ანალიტიკოსის ოლესია ვარტანიანის ინფორმაციით, დერეფნით დაინტერესება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამაც გამოხატა და წამოაყენა გეგმა, რომელიც მის ფუნქციონირებაში ამერიკელი ბიზნესპარტნიორების ჩართულობას გულისხმობს.

2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის შემდეგ მოსკოვის შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება გულისხმობდა ზანგეზურის კორიდორზე რუსული მხარის ზედამხედველობას, თუმცა ახლა მოსკოვი ამ პროცესს გამოთიშულია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების სამუშაო ვერსიაზე მხარეები რამდენიმე თვის წინ, მარტში შეთანხმდნენ, თუმცა მის სისრულეში მოყვანამდე, ბაქო სომხეთს დამატებით მოთხოვნებს უყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend