დააკავეს აზერბაიჯანის დიასპორის ლიდერი ეკატერინბურგში, ქალაქში, სადაც რუსეთის უშიშროების სამსახური ერთი კვირაა, აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ნადირობს. შაჰინ შიხლინსკი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, ისევე როგორც მისი თანმხლები შვილი. საფუძველი უცნობია. რუსული მედიის ცნობით, მიზანი მხოლოდ მათი დაკითხვა იყო.
მოსკოვი და აზერბაიჯანი სარკისებრ პასუხებს ცვლიან. 1-ელ ივლისს უკვე ბაქოში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. რუსეთში უცხოურ აგენტებად რეგისტრირებული მედიასაშუალებები წერენ, რომ ირანიდან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა-გაყიდვის საქმეში ბრალდებულები რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული პირები არიან, ისინი, ვისაც უკრაინაში ბრძოლა არ სურდათ. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ბაქომ ზარი სწორედ კიევიდან მიიღო. სატელეფონო ხაზზე ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
„ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მადლობა გადავუხადე მას უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო. ასევე გამოვთქვი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა აზერბაიჯანის მიმართ. სწორედ ახლა, რუსეთი აჩაღებს ახალ მტრულ კამპანიას საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, აზერბაიჯანული საზოგადოებიდან ორი ადამიანის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ის ემუქრება თავად აზერბაიჯანის სახელმწიფოს. რუსეთი ყველამ უნდა აღიქვას როგორც საფრთხე, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასათვის, ყველა მისი მეზობლისთვის. სხვების მკვლელობებითა და დამცირებით, რუსეთი ცდილობს ყველას შევიწროებასა და დამორჩილებას. ეს უნდა დამთავრდეს”, – აღნიშნა საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეს ახლა ქვეყნის გენერალური პროკურატურა იძიებს. მათ ბრიფინგზე ითქვა, რომ ძმებ საფაროვებს რუსი ძალოვნების მხრიდან სახლიდან აყვანისას ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდათ და რეალურად ფიზიკური ძალადობის შემდგომი შოკის შედეგად გარდაიცვალნენ.
„ზეიდინ საფაროვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, როდესაც ის ძალოვნებმა სახლიდან აიყვანეს. არსებობს ამის ვიდეომტკიცებულება, რომელშიც მას სხეულის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა”,- თქვა უწყების ბრიფინგზე პარვიზ ჯალილოვმა, რომელიც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების წარმომადგენელია.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეს შეეხო, რომელიც 2024 წლის დეკემბერსა და რუსეთის მიერ ჩამოგდებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ეხება. მაშინ ყაზახეთში 40-მდე ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. ფაქტზე სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრა. უკვე დღეს აზერბაიჯანული მედია MINVAL ავრცელებს ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელ აუდიომასალას, რომელშიც რედაქციის თქმით მტკიცდება, რომ რუსეთის საჰაერო ძალები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებას ასრულებდა, როდესაც თვითმფრინავი ჩამოაგდო.
კრემლმა თავის დროზე ეს ყველაფერი ტრაგიკულ ინციდენტად შეაფასა, ვლადიმერ პუტინმა კი ხანგრძლივი უარყოფის შემდეგ ბოდიში მოიხადა. ფაქტის ირგვლივ ბოლო სიახლეებს მოსკოვში არ გამოხმაურებიან, თუმცა გამოეხმაურნენ „სპუტნიკ-აზერბაიჯანის” ჟურნალისტების დაკავებას, რომლის ნაწილსაც აზერბაიჯანული უწყებები რუსეთის უშიშროების სამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს. მოსკოვი ცდილობს, განცხადებებში დიპლომატიური ტონი შეინარჩუნოს და ორი ქვეყნის მეგობრობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
„აზერბაიჯანის ელჩთან საგარეო უწყებაში შეხვედრისას გამოითქვა პროტესტი იმ მიზანმიმართულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც აზერბაიჯანული მხარე ორმხრივი ურთიერთობების დემონტაჟის მიზნით დგამს. დიპლომატს გადაეცა საპროტესტო ნოტა, რუსული მედიასაშუალება „სპუტნიკ-აზერბაიჯანის” წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით. გავაჟღერეთ მათი გათავისუფლების აუცილებლობა, რადგან ესაა ზეწოლა რუს ჟურნალისტებზე. ამჟამად მათი მონახულების საშუალებას მოკლებული ვართ. იმედი გვაქვს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაფუჭების მსურველები შეიკავებენ თავს მომავალი პროვოკაციული ნაბიჯების გამო, ასეთი კი ცოტა არ ყოფილა, ეს ზიანს აყენებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. მოვუწოდებთ აზერბაიჯანს. დაუბრუნდნენ იმ თანამშრომლობის დონეს, რომელიც დოკუმენტებშია გაწერილი, ესაა სტრატეგიული ურთიერთობა”, -აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ.
სტრატეგიულ ურთიერთობებზე ხაზგასმა რუსეთს უბიძგა აზერბაიჯანის ნაბიჯებმა, რომლებიც ბევრის მოსაზრებით სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის შემცირებაზეა ორიენტირებული. ყარაბაღის ტერიტორიების დაბრუნებისა და სომხეთთან წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ერევანი, ბაქო და ანკარა მოსკოვს რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე აყენებს. რეგიონული მედია ბევრს წერს იმაზე, რომ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მხარეებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის თაობაზე რამდენიმე დღის წინ თურქეთისა და სომხეთის ლიდერებმა ისაუბრეს.
სომხეთის პარლამენტში რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეჩერების საკითხის განხილვისთვის ემზადებიან, აზერბაიჯანული საზოგადოება კი საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანოებში რუსული ენის სწავლების შეჩერების თაობაზე მსჯელობს. თუმცა აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხოლოდ ის თქვა, რომ ამის შესახებ უწყებას რაიმე სახის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.