მთავარისაქართველო„ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიისა და ჩვენი ვალდებულებისა, დავიცვათ იგი”- რობინ დანიგანი

„ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიისა და ჩვენი ვალდებულებისა, დავიცვათ იგი”- რობინ დანიგანი

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საელჩომ ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებსა და რამდენიმე მინისტრს უმასპინძლა.

4 ივლისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ გამოჩენილან პრემიერი ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მინისტრთა კაბინეტიდან ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და განათლებისა და ეკონომიკის მინისტრებად ახლად დანიშნული გივი მიქანაძე და მარიამ ქვრივიშვილი მივიდნენ.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ლელო – ძლიერი საქართველოსა” და „ფედერალისტების” ლიდერები.

ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმასპინძლა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც.

სტუმრებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ჰიმნები გორის გოგონათა გუნდმა შეასრულა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბენდიც.

საელჩოში შეკრებილებს ელჩმა სიტყვით მიმართა:

,,[…] მსმენია ზოგიერთისგან, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება — ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულია, ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში.

მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, თუ როგორ დაეხმარა მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველა მათგანი მეუბნებოდა, როგორ შეცვალა უკეთესისკენ მათი ცხოვრება ამერიკასთან თანამშრომლობამ.

2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. როდესაც რუსული ტანკები უკან იხევდნენ ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა — იმიტომ, რომ სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში.

თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის.

დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც „რადიკალებად” იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა, დავიცვათ იგი.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. მე ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლისა და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend