მთავარიმსოფლიოდალაი ლამა აცხადებს, რომ საუკუნოვანი ბუდისტური ტრადიცია მისი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდება

დალაი ლამა აცხადებს, რომ საუკუნოვანი ბუდისტური ტრადიცია მისი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდება

ტიბეტის სულიერი ლიდერი, დალაი ლამა, აცხადებს, რომ საუკუნოვანი ბუდისტური ტრადიცია მისი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდება. მისი თქმით, გარდაცვალების შემდეგ იგი რეინკარნაციას განიცდის და ამით დასრულდება მრავალწლიანი სპეკულაციები იმის შესახებ, რომ იგი ტიბეტის სულიერი ლიდერის ტიტულის უკანასკნელი მფლობელია.

საკუთარი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, დალაი ლამამ, განაცხადა, რომ იგი მტკიცედ უარყოფს ჩინეთის ნებისმიერ ჩარევას მისი მემკვიდრის ძიების პროცესში.

დალაი ლამა ტოვებს საკუთარი იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მას გადაადგილებაში ბერები ეხმარებიან, დჰარამსალა, ინდოეთი, 30 ივნისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Ashwini Bhatia

სულიერი ლიდერის განცხადებას, როგორც რელიგიური ასევე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ტიბეტელებისთვის, რომლებიც რეგიონში პეკინის მკაცრ კონტროლს ეწინააღმდეგებიან, დალაი ლამა კულტურული იდენტობის ბირთვს წარმოადგენს. ტიბეტელი ბუდისტები მას ასევე თანაგრძნობის ღმერთის, ჩენრეზიგის, განსახიერებადაც მიიჩნევენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საჯარო დისკუსიები არ მქონია, ბოლო 14 წლის განმავლობაში ტიბეტის სულიერი ტრადიციების ლიდერები, ტიბეტის პარლამენტის გადასახლებაში მყოფი წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუდისტები ჰიმალაის რეგიონიდან, მონღოლეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდანაც – მწერდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ დალაი ლამას ინსტიტუტის გაგრძელებას. ყველა ამ მოთხოვნის შესაბამისად ვადასტურებ, რომ დალაი ლამას ინსტიტუტი გაგრძელდება”, – განაცხადა დალაია ლამამ.

მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება ჩინეთს გააღიზიანებს, რომელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მომდევნო სულიერი ლიდერის დამტკიცების უფლებამოსილება მხოლოდ თავად აქვს. პეკინი მოითხოვს, რომ დალაი ლამას რეინკარნაცია მხოლოდ ტიბეტის ჩინეთის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიებზე იქნეს აღმოჩენილი, რაც ნიშნავს, რომ მემკვიდრის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას ექნება.

ბევრი მოელის, რომ სამომავლოდ ტიბეტის სულიერი ლიდერის ტიტულის ორი პრეტენდენტი იქნება: ერთი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ხოლო მეორე – ამჟამინდელი დალაი ლამას ერთგული ტიბეტელი სასულიერო პირების მიერ მხარდაჭერილი.

ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტიბეტის გადასახლებაში მყოფმა მთავრობის ხელმძღვანელმა დაგმო ჩინეთის მიერ რეინკარნაციის თემის „პოლიტიკური სარგებლისთვის“ გამოყენება.

„მისი უწმინდესობის, დალაი ლამას რეინკარნაციის აღიარების ძირითადი პროცესი ტიბეტური ბუდისტური ტრადიციის უნიკალურობის ნაწილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ რეინკარნაციის თემის პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებას და ამას არასდროს მივიღებთ“, – განაცხადა პენპა ცერინგმა.

ტენზინ გიაცომ, მე-14 დალაი ლამამ თანამდებობა 1940 წელს დაიკავა. მან ტიბეტი 1959 წელს დატოვა, ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების მცდელობის შემდეგ.

როგორც თავად აცხადებს, მისი მემკვიდრის აღმოჩენის პასუხისმგებლობა მხოლოდ მის მიერ 2015 წელს დაფუძნებულ ფონდს აკისრია და ამ საკითხში ჩარევის უფლებამოსილება სხვა არავის აქვს. მან აღნიშნა ისიც, რომ მისი მემკვიდრე აუცილებლად ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაიბადება და საკუთარ მიმდევრებს მოუწოდებს, უარყონ პეკინის მიერ წარდგენილი ნებისმიერი პრეტენდენტი.

მის პოზიციას მხარს უჭერს ტიბეტის გადასახლებაში მყოფი თვითგამოცხადებული მთავრობაც, რომელსაც იგი თანამდებობის დატოვებამდე, 2011 წლამდე, ხელმძღვანელობდა.

ტრადიციულად, რეინკარნირებული დალაი ლამას ძიება მოქმედი სულიერი ლიდერის გარდაცვალების შემდეგ იწყება. პროცესს უხუცესი სასულიერო პირები ხელმძღვანელობენ და იგი შეიძლება რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend