მთავარისაქართველოპროკურატურას უფლება ენიჭება, დაფაროს მოწმის ვინაობა - ახალი კანონი მიღებულია

პროკურატურას უფლება ენიჭება, დაფაროს მოწმის ვინაობა – ახალი კანონი მიღებულია

„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში. ცვლილებების თანახმად, პროკურორს შეეძლება, რომ დაფარული დატოვოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესში გამოძიებასთან თანამშრომლობენ. ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიციელი, რომელიც მოქმედი წესებით სასამართლოში მისცემდა ჩვენებას, ისე სხვა მოწმე.

ამავე პაკეტში შედის ცვლილება, რომლითაც კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. კერძოდ, მარიხუანის მოხმარება დასჯადი ხდება, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება.

კერძოდ, ცვლილება ეხება:

„პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.

გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია განსაიდუმლოებულ მასალებში დაფარული დატოვოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ვინაობის გამჟღავნებით ზიანი ადგება ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. ამ პირის ვინაობის განსაიდუმლოება შესაძლებელია პროკურორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით“, – წერია კანონში.

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებში შიშობენ, რომ ეს ცვლილება, სხვა კანონებთან შედარებით აღსრულებადი იქნება, რადგან პირდაპირ დაშინებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე იქნება ორიენტირებული.

უფლებადამცველი, საბა ბრაჭველი, სოციალურ ქსელში წერს:

„იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, შეიძლება დაიფაროს გამოძიების ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. მისი ვინაობა არსად არ მიეთითება, შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სასამართლო დარბაზში დაკითხვა. ეს ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მთავარ მტკიცებულებას – მოწმის ჩვენებას, ვისი ვინაობაც არავინ იცის პროკურორის და მოსამართლის გარდა, ვისი გამოკვლევის უფლება დაცვის მხარეს არ მისცემია და დაცვის მხარეს ელემენტარულად იმის გადამოწმებაც კი არ შეუძლია, ერთ ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებენ ყველა საქმეში (რაშიც აქამდე შსს არაერთხელ გამოუჭერიათ).

ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ. ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია.

ხოლო ჩვენ, ვინც საღამოობით სუფთა ჰაერზე ვიკრიბებით, ეს ტრადიცია პირბადეებით უნდა გავაგრძელოთ და, შეძლებისდაგვარად, მარტოებმა არ ვიაროთ ხოლმე. დანარჩენი უცვლელია”, – წერს ბრაჭველი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend