მთავარისაქართველო„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებს მანდატები გაუუქმდათ

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებს მანდატები გაუუქმდათ

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ თემად პარტია „გახარია-საქართველოსთვის” 12 წევრისთვის დეპუტატობის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დაამტკიცეს. 2 ივლისის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის მანდატის მქონე ბოლო ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „გახარია – საქართველოსთვის” წევრები სამსახურს აცდენდნენ. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში დაფინანსებას იღებდნენ.

„გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციურ პარტიაში კი ამბობენ, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის და „ქართული ოცნება” ერთპარტიულ მმართველობას ამყარებს.

„ჩვენი პარტიის წევრებისთვის მანდატების შეწყვეტა ეს არის პოლიტიკური აქტი. ამით „ოცნება” გვიზღუდავს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით მონიჭებულ პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას. რა თქმა უნდა, ნორმალური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამას გაეცემა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ამ აქტში იქნებიან ჩართული, აგებს პასუხს. ჩვენ არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე ვთქვით, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის რეალურ ნება და ამიტომ გავედით პოლიტიკურ ბოიკოტში. თუმცა ჩვენი კუთვნილი მანდატები არ დაგვითმია. ჩვენ დღემდე არ ვახორციელებდით საპარლამენტო მუშაობას და არცერთ დეპუტატს ხელფასი არ მიუღია”, – აცხადებს პარტია „გახარია – საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი.

„ქართულმა ოცნებამ” პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა.

ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150-წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში პარლამენტის 61 წევრს შეუწყდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend