მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

ფოტო არქივიდან

საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე დღეს, 2 ივლისს, მორიგი სხდომა გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე მოწმედ  დაიკითხა ექსპერტი, ნინო ბორაშვილი, რომელმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა. მან განაცხადა, რომ მისთვის გადაცემული ვიდეოებით მოახერხა ერთ-ერთი ბრალდებულის, ინსაფ ალიევის, იდენტიფიცირება. თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ეს მტკიცებულებები სარწმუნო არ არის, ვიდეოები სხვადასხვა რაკურსით არის გადაღებული და პირის იდენტიფიცირება არ იყო შესაძლებელი.

„ვიდეოში ჩანს, რომ ბრალდების მხრიდან ინსაფ ალიევად მოხსენიებული პირი არავისთან შედის კომუნიკაციაში, ინდივიდუალურად მოქმედებს, რაიმე სახის მიახლოების ნიშანიც კი არ არსებობს, იმავე ლოგიკას თუ მიყვებით, მაშინ რუსთაველის გამზირზე, იმ მომენტში, ვინც იმყოფებოდა, ყველა უნდა წარმოადგენდეს ჯგუფს, რაც აბსურდია. უამრავი ეჭვი არსებობს, როგორც ვიდეოსთან დაკავშირებით, ასევე ექსპერტის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ინსაფ ალიევის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის იყო დამატებითი მოწმეების დაკითხვა.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოითხოვა ექსპერტიზის დოკუმენტებში არსებული პირების დაკითხვა, რაზეც ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არ არსებობდა ამის საჭიროება, ვინაიდან მათ არ უწარმოებიათ ექსპერტიზა და ახალს ვერაფერს იტყოდნენ. გუჯა ავსაჯანიშვილმა კი თქვა, რომ თუ ისინი არ მონაწილეობდნენ, შესაბამისად, დოკუმენტებშიც არ იქნებოდა მათი სახელები და გვარები.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა შემდეგ ბრალდების მხარემ მოწმეები „უდავოდ” გახადა. სხდომაზე ადვოკატებმა ასევე დააყენეს შუამდგომლობა, რომ მედიას სხდომის გადაღება შესძლებოდა, მათ თქვეს, რომ რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და გადაღებაზე ნებართვას არც იძლევა და უარყოფს, სასამართლომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რადგან სხდომებზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი და მხოლოდ დარბაზში ჩატარებული სხდომა ამ ინტერესს ვერ დაფარავს. ამის მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ამის შესახებ ნებართვის გაცემის პრეროგატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს.

პროკურატურა სამ პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ხუთს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 3 ივლისსაა, ჩანიშნული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend