2 ივლისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილს შეხვდა. მათ უწყების გეგმები გააცნო და თანამშრომლობა შესთავაზა. რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა სპეციალური ელექტრონული პლატფორმაც, რომელზეც სამოქალაქო სექტორმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თავად უნდა განათავსოს.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის აზრით, მისი უწყების მუშაობა, სამოქალაქო სექტორს მუშაობას მხოლოდ უმარტივებს და მათ საქმიანობას უფრო პატივსაცემს ხდის. რაჟდენ კუპრაშვილი მედიასთან არც იმას მალავს, რომ მისი უწყების ინტერესის საგანი უფრო მეტად ის ორგანიზაციებია, რომელთა წარმომადგენლებიც თვეების განმავლობაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებში იყვნენ ჩართული.
„ანტიკორუფციულ ბიუროს შეთავაზება ორგანიზაციებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საქმეს და კიდევ უფრო მეტად „სანდომიანს“ გახდის მათ სამუშაოს. კიდევ უფრო პატივსაცემი იქნებ მათი საქმიანობა. „ფარასა“ და „გრანტების შესახებ კანონს“ დღეს ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. ის ორგანიზაციები უჭერენ მხარს, რომელთაც გამჭვირვალობა სურთ. ხოლო ისინი, ვინც მხარს არ უჭერენ გამჭვირვალობას, ვფიქრობ, ეწევიან შეფარულ საქმიანობას. ეს კი, არ არის ევროპული სტანდარტი. თუ ორგანიზაციები გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას და რომელიმე ბენეფიციარის უფლების დაცვას, მხოლოდ ამ მიმართულებით არიან დაკავებულები, მაშინ როგორ ხდება, რომ მათი მხრიდან ისეთი შესყიდვებია განხორციელებული, როგორიც არის ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები – ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – თქვა ჟურნალისტებთან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა.
რაჟდენ კუპრაშვილი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი მოქალაქეების ინფორმირების საკითხს სხვადასხვაგვარად ხედავენ. ის, რა ინფორმაციის გამოთხოვაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისთვის სამუშაო პროცესის სასიამოვნოდ წარმართვაა, უფლებადამცველთა ნაწილის აზრით, ბევრ რისკს შეიცავს. მაგალითად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, რისკებს მათი ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.
„ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, შესაძლოა აღარ წავიდეს მაგალითად, „საფართან“, რადგან აქამდე თუ ამ კომუნიკაციის დახურულობის იმედი ჰქონდა, ახლა შესაძლოა შეეშინდეს, რომ პირობითად, პოლიციელი ქმარი ჰყავს და მის ხელში არ აღმოჩნდეს ეს მასალები. არ მინდა სპეკულაციაში შევიდე, თუმცა ასეთი ფაქტები შესაძლოა მოხდეს. ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეებსაც აწვდიან სამოქალაქო ორგანიზაციები სერვისებს და შესაძლოა გაჩნდეს შიში, რომ მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა აღმოჩნდეს არასასურველ ხელში“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სოციალური პროგრამის დირექტორი სალომე შუბლაძე.
ამ საკითხზე განსაკუთრებული დისკუსია 2025 წლის 18 ივნისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ელექტრონულ ფოსტაზე ანტიკორუფციული ბიუროს წერილი და სასამართლოს ბრძანება მიიღო. ამ დოკუმენტის მიხედვით, უწყება მათგან ითხოვს მრავალი სახის ინფორმაციას – მათ შორის ამონაწერებს ბანკებიდან და შემოსავლების სამსახურიდან, საერთაშორისო ან ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან, საგრანტო ბიუჯეტის დეტალურ პროექტებს და ამასთან ერთად ბენეფიციართა მონაცემებს. ბიუროს ამ ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვა სასამართლომ მისცა. ადრესატებს კი ვალდებულება აქვთ ეს მოთხოვნა შეასრულონ.
სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ნაწილმა ამ წერილის მიღებისთანავე გააკეთა საგანგებო განცხადება და თქვა, რომ საფრთხე ექმნებოდა იმ ათასობით მოქალაქის პერსონალური მონაცემების დაცვას, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში უწევდნენ სამართლებრივ დახმარებას, ან სთავაზობდნენ სხვადასხვა მომსახურებას. სალომე შუბლაძე განმარტავს, რომ მიღებული წერილი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა და იქ ნათლად წერია ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე. ამიტომ იურისტი ამბობს, რომ ისინი ბიუროს მიაწვდიან ორგანიზაციათა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა გამორიცხავს ყველა სახის პერსონალურ მონაცემს.
„სასამართლოს ბრძანების 7.5 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქმიანობასთან ერთად ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია არის მოთხოვნილი, მათ შორის ფოტო-ვიდეომასალა“, – ამბობს სალომე შუბლაძე.
ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. გიორგი ბაღდავაძე განმარტავს, რომ კანონი უწყებას ორგანიზაციებიდან ყველა სახის პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის უკიდურესად კონფიდენციალურისაც, თუმცა იმასაც ამბობს, ისინი ამ ეტაპზე არ ითხოვენ პერსონალურ მონაცემებს და მათ წერილში მითითებული მეშვიდე პუნქტის მეხუთე ნაწილი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არასწორად წაიკითხეს, ან არასწორად აღიქვეს.
„ამ ორგანიზაციებმა უნდა გადმოგვცენ ის, რასაც ისედაც გადასცემენ თავიანთ დონორებს, რომ პირობითად, მე დავეხმარე 700 ბენეფიციარს, აქედან 3 იყო პირობითად პედოფილიის მსხვერპლი, 4 შშმ პირი და ა.შ. მეტი არაფერი – სწორედაც იქ არის მითითებული ნარატიულ და ფინანსურ ნაწილში, იმავეს ვითხოვთ. ანტიკორუფციულ ბიუროსაც ეს ინფორმაცია უნდა გადმოეცეს. მიზანი ის ხომ არ არის, რომ სულ ხარვეზები ვეძებოთ, მიზანია, კანონის აღსრულება ისე, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ ზედმეტი უხერხულობა“, – განმარტავს ევრონიუს ჯორჯიასთან ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბაღდავაძე.
გიორგი ბაღდავაძე იმასაც ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლი ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს და ისინი თავად უნდა აკონტროლებდნენ, მაგალითად, კორუფციას ან სხვა სახის კანონდარღვევებს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი უწყებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობით უნდა ხდებოდეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი შეუძლებელია და არც უნდა მოხდეს. მათი მთელი დადებითი როლი ის არის, რომ მათ უნდა აკონტროლონ, თუ როგორ იხარჯება ფული და ა.შ. ჩვენი მიზანი არასამთავრობოების კონტროლი კი არ არის, არამედ არის კანონის აღსრულება, რომ არასამთავროო ორგანიზაციებმა თანხები თვალთმაქცური მიზნებით არ გამოიყენონ. ძალიან მარტივია ხოლმე კრიტიკა ჩასაფრებულის პოზიციიდან, მაგრამ რთულია, ხანდახან ჩვენს ეგოს გადავაბიჯოთ და უბრალოდ დავეხმაროთ ერთმანეთს და ერთად ვებრძოლოთ თუნდაც ისეთ პრობლემას, როგორიც არის კორუფცია“, – ამბობს გიორგი ბაღდავაძე.
არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ანტიკორუფციულ ბიუროს ნდობას ჯერ არ უცხადებს – გიორგი ბაღდავაძის აზრით კი, ამაში ბრალი მის უწყებას ნამდვილად არ მიუძღვის.
ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი