აშშ-ის სენატმა მინიმალური უპირატესობით მიიღო დონალდ ტრამპის „დიდი და ლამაზი კანონპროექტი“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, დავის საგანია.
დაძაბული შაბათ-კვირის სესიების შემდეგ საბოლოოდ სენატორებს შორის ხმები გაიყო. 50-მა სენატორმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, მხოლოდ 50-მა არა, რის შედეგადაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსის გადამწყვეტი ხმით კანონპროექტი სენატმა მიიღო.
ახლა საკითხი კვლავ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადალახულია.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვქონდა, კანონპროექტი მიიღეს და ვფიქრობ, რომ კონგრესიც მიიღებს მას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ჩანს, ვადებს გადააცილებს, ვნახოთ. ძალიან მიხარია. მეგონა, სენატი წარმომადგენელთა პალატაზე მკაცრი იქნებოდა, მაგრამ ჩვენსას მივაღწიეთ და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ესაა საოცარი კანონპროექტი, ყველაზე დიდი, რაც კი აქამდე მიუღიათ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„დიდი და ლამაზი კანონპროექტის“ წინააღმდეგ ხმა სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა მისცა, კერძოდ, სენატორმა თომ ტილისმა ჩრდილოეთ კაროლინადან, სენატორმა სუზენ კოლინზმა მენიდან და რანდ პოლმა კენტუკიდან.
სენატორებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც კანონპროექტს აქვს. ისინი არ ემხრობიან Medicaid-ის პროგრამის დაფინანსების შემცირებას და მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში ჯანდაცვაზე წვდომას მილიონობით ადამიანი დაკარგავს. კონგრესის მიერ ჩატარებულმა არაპარტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2034 წლისთვის 12 მილიონამდე ადამიანი დაზღვევის გარეშე დარჩება.
აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს სენატორები ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებენ.
„უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ რანდ პოლი ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს. ყველაფერზე უარს ამბობს. მე მას რანდ პოლ უმცროსს ვეძახი. ყოველთვის უარზეა და კონსტრუქციული არაა. ეს საშინელებაა, თომას მესისაც კენტუკიდან კონსტრუქციულობა არ უყვარს. არ მგონია, ჭკვიანი ადამიანი იყოს. კარგი განათლება აქვს, სულ ესაა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„დიდი და ლამაზი კანონპროექტი“ ითვალისწინებს $4.5 ტრილიონი დოლარის გადასახადების შემცირებას. ასევე გაუქმდება მწვანე ენერგიის მილიარდობით დოლარის საგადასახადო კრედიტები, რაც დემოკრატიული პარტიის მტკიცებით, ქვეყნის მასშტაბით ქარისა და მზის ენერგიის სექტორში ინვესტიციებს შეამცირებს.
$1.2 ტრილიონი დოლარით შემცირდება Medicaid-ის პროგრამისა და საკვების ტალონების დაფინანსება, რაც შრომისუნარიან თუმცა ხანდაზმულ ამერიკელებს სამუშაოს ძებნას აიძულებს.
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საზღვრის უსაფრთხოების, ასევე დეპორტაციების უზრუნველყოფისთვის კი ბიუჯეტიდან $350 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.
„დემოკრატიულმა პარტიამ“ ხელი ვერ შეუშალა კანონპროექტის მიღებას, თუმცა პროცესის გახანგრძლივება იმით სცადა, რომ 940-გვერდიანი კანონპროექტი სხდომაზე სრულად წაიკითხა.