სამხრეთ კორეიდან ჩამოსული ოჯახი რვა წელია, რუსთავში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მათ პატარა ქალაქში კორეული კაფე გახსნეს.
რუსთავის ცენტრში, გზიდან ოდნავ მოშორებით კორეული კაფე გამოჩნდა. „არიარი” – ასე ჰქვია ადგილს, რომელიც კორეული კულტურის მოყვარულებისთვის რუსთავში უკვე წელიწადია, გამორჩეულად საყვარელ ადგილად იქცა.
ამ ადგილის მასპინძელი სეულიდან ჩამოსული პატარა ოჯახია, რომელიც უკვე 8 წელია, რუსთავში ცხოვრობს.
ჯიუნგ პარკიმ კორეული ტრადიციული სამოსი დღეს სპეციალურად ჩვენთვის ჩაიცვა, ქართული კაბაში კი მისი 15 წლის გოგონა დაელ ჰეო გამოეწყო.
„რუსთავში ძალიან ბევრს მოსწონდა ჩემი მომზადებული კერძები, მინდოდა, რომ მუშაობა დამეწყო და ამიტომ გავხსენი პატარა კაფე, სახელად „არიარი”, ახლაც ბევრი ხალხი შემოდის ჩვენთან, აქ ბევრს უყვარს ჩემი მომზადებული კერძები”, – ამბობს ჯიუნგ პარკი.
„სანამ პირველი საათი გახდება, ჩამოდის კაფეში და გიმბაბისთის ბოსტნეულის მომზადებას იწყებს, სანამ კაფე გაიხსნება, მასალებს ამზადებს, მუშაობა რომ იწყება და ხალხი შემოდის, უყურებს, როგორ მიირთმევენ გიმბაბს, როგორ უხარიათ და ამ დროს თავადაც ბედნიერია. მუშაობას სანამ დაამთავრებს, ისევ გიმბაბისთვის მასალებს ამზადებს და უკვე ხელები სტკივა”, – გვიყვება 15 წლის დაელ ჰეო.
ჯიუნგი, რომელსაც ქართველი მეგობრები არის სახელით უფრო იცნობენ, ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს, ამიტომ კორეულიდან მის საუბარს 15 წლის დაელი თარგმნის, რომელიც უკვე მერვე წელია რუსთავში, ქართულ სკოლაში დადის და ქართულად აქცენტის გარეშე ლაპარაკობს.
„ჩემს ქართველ მეგობრებს ძალიან უყვართ კორეა, ამიტომ ამ სივრცეს რომ ვაწყობდით, ძალიან მინდოდა ისეთ სივრცე გამოსულიყო, სადაც ყველაფერი კორეასთან ასოცირდება. პირველად აქ რომ ჩამოვედი და გოგონები გავიცანი, გავიგე, რომ მათ ძალიან მოსწონდათ K პოპი K დრამა, კორეული კერძები… კორეული კულტურის ცენტრის გახსნა ძალიან დაგვეხმარა, რომ ქართველი ხალხი უკეთ გაგვეცნო. სწორედ ამ ცენტრის დამსახურებაა, რომ „არიარიშიც” ძალიან ბევრი ხალხი შემოდის… რა თქმა უნდა, ბევრი მეგობარი მერეც გავიჩინეთ… ტიკტოკსა და ფეისბუქზე ძალიან ბევრი გვეკითხება: თბილისში რატომ არ ხსნით კაფესო”.
„არიარი” – მარტივი სიტყვაა ცოტა რთული განმარტებით და ქართულად რთულად გასავლელ გზას ნიშნავს, გზას, რომელიც ოჯახმა სეულიდან რუსთავამდე გამოიარა.
„კორეაში ყოფნისას 2017 წელს გავაჩინე ბავშვი, რომელიც დავკარგე. ძალიან რთული პერიოდი გვქონდა ჩვენს ოჯახს – ხალხი გვეკითხებოდა, სად იყო მეორე ბავშვი… უმძიმეს პერიოდს გავდიოდით, ყოველდღე ვტიროდით… და ასე გადიოდა დღეები… ამიტომ არ მინდოდა კორეაში დარჩენა.
ერთ დღესაც დავინახე, რომ დაელი ტიროდა თავის ოთახში… მანქანაში როდესაც ვისხედით მე და ჩემი ქმარი, დაელი უკან იჯდა და განუწყვეტლივ ტიროდა… ამიტომ გადავწყვიტეთ ისეთ ადგილას გამგზავრება, სადაც არავინ გვიცნობს – გვინდოდა ცოტა დაგვესვენა… და ამ დროს პირველი ქვეყანა, რომელიც თავში მოგვივიდა, ეს იყო საქართველო… რადგან, მე ვიცოდი, როგორი წყნარი და ლამაზი ქვეყანა იყო საქართველო – წინა წლებში ორჯერ ვიმოგზაურეთ საქართველოში. რადგან თბილისი ჩვენთვის ცოტა დიდი და ხმაურიანი ქალაქი იყო, ამიტომ ავირჩიეთ რუსთავი და იქ განვაგრძეთ ცხოვრება.
აქ რომ ჩამოვედით, ჯერ კიდევ მქონდა რძე… ბავშვის დაკარგვის გამო ძალიან ვდარდობდით, დეპრესიაში ვიყავით ყველა და განსაკუთრებით მე… მერე რუსთავში კორეული კულტურის პატარა ცენტრი გავხსენით, სადაც ბევრი ქართველი გოგონა მოვიდა… რადგან ბავშვი დავკარგე, იმ პერიოდში ძალიან მჭირდებოდა ისეთი ადამიანები, ვის მიმართაც სიყვარულის გამოხატვას შევძლებდი, გოგონებს კორეული კაბები ჩავაცვი, მოვუმზადე კორეული ტრადიციულ კერძები, ასე ნელ-ნელა დავმშვიდდი და დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვაც. იმ ამბის შემდეგ უკვე დიდი ხანი გავიდა და ახლა ვხვდები, რომ ამ ხნის განმავლობაში მე კი არ გავცემდი ამ გოგონების მიმართ სიყვარულს, სინამდვილეში თურმე მათ უფრო მეტი სიყვარული მაჩუქეს.
რუსთავში რომ ჩამოვედით, დაელი წავიყვანე მეცამეტე საჯარო სკოლაში, ბავშვის დაკარგვის ტრავმამ მასზეც იმოქმედა, ამიტომ ძალიან მეშინოდა, რომ სკოლაში სიარულით რაიმე ზიანი არ მიეღო… სუნთქვა მიჭირდა და მუდმივად ვგრძნობდი შიშს. მაგრამ ამ სკოლაში დაელს ძალიან კარგი დირექტორი და დამრიგებელი შეხვდა… ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ დაელს ძალიან შეუყვარდა თავისი კლასელები, შეუყვარდა მათთან თამაში. ამან ძალიან დამამშვიდა… ძალიან მადლიერი ვიყავი ამ სკოლის, მასწავლებლების და ბავშვების…” – ამბობს ჯიუნგ პარკი.
იმ დღეების გახსენებისას ცრემლებს ვერ იკავებს 8 წლის შემდეგაც კი.
„დღესაც ბევრი გვეკითხება, თუ რატომ ავირჩიეთ საქართველო და რატომ ავირჩიეთ კონკრეტულად რუსთავი, მე საქართველოში ვიგრძენი თავი დედად, საქართველო იყო ჩემთვის ყველაზე დამამშვიდებელი ადგილი.
რუსთავი ახლა აღარ არის ისეთი მშვიდი ქალაქი, როგორიც წარსულში იყო, ახლა უფრო მეტი მანქანაა და მეტი უცხოელიც”, – ამბობს არი.
თბილისში გადასვლაზე ფიქრობენ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით.
„ცოტა ხანი კიდევ გვინდა, რომ რუსთავში დავრჩეთ.
კორეა საქართველოზე ცოტა დიდი ქვეყანაა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. საქართველოში ცხოვრების პერიოდში ბევრ ქართულ ოჯახს დავუმეგობრდით და ვესტუმრეთ – ყოველ ჯერზე ვგრძნობდი, რომ ქართველებს რაღაც უნიკალური ძალა გაქვთ, ისეთი, როგორიც არავის არ გააჩნია… ეს არის, რაც აღმოვაჩინე.
ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან გონიერი და შრომისმოყვარე ხალხია… დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებს ყველაფერი შეუძლიათ, თუ მოინდომებენ. და მე ძალიან თანავუგრძნობ იმ ხალხს, რომელიც იძულებულია სამუშაოს საძიებლად საზღვარგარეთ გაემგზავროს. ძალიან მინდა, საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, რომ საკუთარ ხალხს უფრო მეტ შანსს აძლევდეს”, – ამბობს ჯიუნგ პარკი.
ჩვენთან დამშვიდობების შემდეგ მთელი ოჯახი ისევ ყოველდღიურ საქმეებს უბრუნდება, კაფე მალე გაიხსნება, ამიტომ მანამდე ყველაფრის მომზადება უნდა მოასწრონ.