მთავარისაქართველონიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

პოლიტიკოსს 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა, და ამასთან, დაეკისრა 25 000-ლარიანი ჯარიმა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელ სასჯელთან დაკავშირებით. განაჩენის გამოცხადებას თავად ნიკა მელია არ დასწრებია.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ.

ნიკა მელია წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული. პოლიტიკოსი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს. სასამართლომ თავდაპირველად მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდაზე ნიკა მელიამ უარი განაცხადა. მოგვიანებით აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პოლიტიკოსს პატიმრობით შეეცვალა.

ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

იგი მეექვსე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც სასამართლომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ პატიმრობა მიუსაჯა.

აქამდე ამავე მიზეზით პატიმრობა მიესაჯა ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გივი თარგამაძეს.

ანალოგიურ საქმეებზე წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend