კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წევრები შეხვდნენ 15 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
საქართველოში მოქმედი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და კიდევ 10 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებისა და ოპოზიციური კოალიციის ლიდერების განხილვის თემა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა იყო.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრების თქმით, იმ მოცემულობაში, როცა თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაუარესებულა, კომუნიკაცია საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მათთან კომუნიკაციაზე აღარ მიდის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია… სრულიად აშკარაა, რომ დიპლომატები შეშფოთებულები არიან იმით რასაც ხედავენ, რადგან საქართველო იყო უზარმაზარი იმედის მომცემი პარტნიორი და ახლა ამ დღეში ვართ“ – განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, დიპლომატებთან განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი და დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქართველი ხალხისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ იქნება სამართლიანი.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, განსახილველ საკითხებს შორის იყო, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის „მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის“ დაკავებული ოპოზიციონერების საქმეები. გიორგი სიორიძის შეფასებით, მმართველი პარტიის ოპონენტთა საქმეები „პოლიტიკურად მოტივირებულია“.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ახალ ფაზაში შევიდა ავტორიტარიზმი, შესაბამისად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად მოვახსენეთ, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ასპექტების შესახებ, განსაკუთრებით ხაზარაძე-ჯაფარიძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეებზე. ბუნებრივია, განწყობა საერთოა. „ქართული ოცნების“ ხელში საქართველოს არ აქვს პერსპექტივა არც ევროკავშირში ინტეგრაციისა და არც აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზების“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.