იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება” სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობით ხსნის. ამაში კი მედიის სასამართლო სხდომებზე მუშაობის შეზღუდვაც იგულისხმება, რომელსაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს.
პროექტით სასამართლოს სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება. იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება.
პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.
ვიდეო-აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დასაშვები იქნება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.
სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
გარდა მედიის რეგულირებისა, ცვლილებით, იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები.
დასჯადი იქნება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
დაზუსტდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობად ჩაითვლება ვერბალური გამონათქვამი, უხამსი ქმედება და ა.შ., როგორც სხდომაზე, ასევე საჯარო სივრცეში.
გაფართოვდა დაინტერესებული პირის განმარტება – ასეთი იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლეზე ან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
დაუშვებელი იქნება გამოძიების სტადიაზე დაინტერესებული პირის მოსამართლესთან ისეთი კომუნიკაცია, რაც დაკავშირებულია საქმის განხილვასთან, არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს ან წარმოადგენს მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობას და ა.შ.
„მთავარი მიზანი და დანიშნულება არის, რომ საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნას იმდაგვარი, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს მართლმსაჯულებაში ჩარევის პრევენციას.
სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი ფაქტი გვახსოვს წარსულში და მიმდინარე შემთხვევებიც ბევრია, სადაც სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მიზნით, სხვადასხვა პირი – უცხოელები თუ არა უცხოელები ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიანთი მიზნები შეასრულონ.
საბოლოო ჯამში წარმოდგენილი ცვლილებები ერთი მხრივ, ჩარევების პრევენციას მოახდენს, ხოლო მეორე მხრივ, მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები რაც არის, დაიხვეწება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ცვლილების თანაავტორმა არჩილ გორდულაძემ.
კანონში ცვლილებებს მმართველი პარტია საზოგადოების ფართო დისკუსიის გარეშე მიმდინარე კვირაში მიიღებს.