ბელგიაში ფედერალური მთავრობის რეფორმებისა და პენსიების შემცირების გეგმებთან დაკავშირებით საყოველთაო გაფიცვა გაიმართა, ბრიუსელის აეროპორტში ფრენები გაუქმდა. ასობით რეისი გადაიდო. საპროტესტო აქციებში უსაფრთხოებისა და აეროპორტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ოთხშაბათს, 25 ივნისს, 260 რეისი იყო დაგეგმილი, თუმცა ბრიუსელის აეროპორტმა მხოლოდ 103 შემომავალი რეისი მიიღო. გაფიცვით გამოწვეული შეფერხების შემდეგ აეროპორტში ძალიან ბევრ მგზავრს ელიან.
ბრიუსელის აეროპორტის სპიკერის იჰსანე ჩიაუ ლეხლის თქმით, მომდევნო დღეები დატვირთული იქნება, რადგან ავიახაზებს გაუქმებული რეისების გამო ფრენების გადადება მოუწიათ. დღეში ისინი დამატებით 1200-2000 მგზავრს მოემსახურებიან. წინასადღესასწაულოდაც ხალხმრავლობა იქნება. ამიტომ აუცილებელია, მგზავრები აეროპორტში დროულად მივიდნენ.
სამხრეთშიც, შარლერუის აეროპორტში, რომელიც იაფფასიანი ავიახაზების მნიშვნელოვანი ევროპული ჰაბია, თანამშრომლების ნაკლებობის გამო ყველა ფრენა გაუქმდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში ათიათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობის გეგმებს საპენსიო ასაკის გაზრდისა და პენსიების გადახედვის თაობაზე.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მათი ფული ომისთვის ტანკებისა და სხვა რაღაცების საყიდლად დაიხარჯება.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი ამბობს, რომ რეფორმები საჭიროა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად, ევროკავშირის წესების თანახმად, დეფიციტი არ უნდა არსებობდეს.
ოთხშაბათს, 25 ივნისს, ჰააგაში გამართულ სამიტზე მიღებული ახალი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანამ ასევე აიღო ვალდებულება, თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-ამდე გაზარდოს.