პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მან 2 ინიციატივაზე ისაუბრა, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლას ეხებოდა. მისი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სრულად აიკრძალოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ.
„საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მეორე ინიციატივაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ვალია, მაქსიმალურად დაუპირისპირდეს ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დაიცვას ქართული საზოგადოება.
„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.